თუ ხავიერ ბარდემის შარმის და მისი მსახიობური ოსტატობის მოყვარული ხართ და შესაბამისად, მისი ყოველი ახალი ფილმის გამოსვლას სიხარულით ხვდებით, მაშინ „ესკობარის“ ბილეთები ახლავე უნდა შეიძინოთ, რადგან ამ ფილმში წარმოჩენილი პერფორმანსის მიხედვით მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი მსახიობი სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. თუმცა, თუ თქვენთქვის კარგი კინო გემოვნებიანი საუნდტრეკების სიყვარულს და კარგად გააზრებული სცენარის გადაღებასთანაც ასოცირდება, მაშინ სამწუხაროდ კინოთეატრის სავარძელში სასმელითა და პოპკორნით მოთავსების შემდეგ, მზად უნდა იყოთ დიდი იმედგაცრუებისთვისაც.
ფილმი მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ზედმეტად ბევრჯერ მოყოლილი ისტორიის უცნაური, თუმცა ახლებური კუთხით წარმოჩენას ცდილობს. რეჟისორის ჩანაფიქრი, წარმოადგინოს პაბლო ესკობარის ხასიათის კარგად ნაცნობი ნიუანსები უფრო მეტი სისხლითა და აგონია ნარევი ექშენით, სრულიად წარუმატებელია. ძალიან ცუდად დაწერილი პერსონაჟის სტრუქტურის გაიდეალება ბარდემის ნიჭის საზღვრებსაც სცდება. პარალელურად, თუკი დავივიწყებთ, რომ ისტორიული პიროვნების შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული დრამაა ჩვენს წინ ჩართული, მაშინ შესაძლოა ოდნავ მაინც ისიამოვნოთ, საბედნიეროდ პენელოპა კრუზმა და მისმა მეუღლემ უდიდესი წარმატებით შეძლეს ოჯახური ქიმიის ფირზე გადმოტანა. ესპანელი წყვილი დიდ ეკრანზე საერთო სცენებისას წარმოაჩენს ისეთი დონის ქარიზმასა და რომანტიზმის აპოთეოზსს, რაც თანამედროვე ფილმებისთვის უკვე უცხო დეტალად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ირგვლივ არც ისე საგულისხმო ატმოსფეროს შექმნა მოახერხა გადამღებმა ჯგუფმა, ინდივიდუალიზმითა და საკმაოდ მოზომილი დრამით ფილმი სრულ კრახს მაინც გადაურჩა. ტექნიკური დეტალების მხრივ "ესკობარი" მართლაც უნიკალური ქმნილებაა. შთამბეჭდავი ოპერატორული მუშაობის წყალობით ცნობილი ისტორიული მონაკვეთები საკმაოდ მხიარული და შთამბეჭდავი კადრებითაა წარმოჩენილი, რაც ხშირ შემთქვევაში რეჟისორის ცუდ გადაწყვეტილებებსაც უკანა ფონზე სწევს.
ფერნანდო ლეონ დე არანოამ დაუშვა ზუსტად იგივე შეცდომა, რომლითაც ცნობილი ნარკობარონის შესახებ გადაღებული თითქმის ყველა ფილმია ცნობილი. პაბლო ესკობარის ისტორიას არ სჭირდება ზედმეტად გამუქება, დამატებითი ეფექტები და ამბების შელამაზება, ის ისედაც საკმაოდ სანახაობრივი მატერიალია კინოეკრანისთვის, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის პროდიუსერებმა გაიაზრეს. სახეზე აფარებული სისხლიანი სცენებისა და აგრესიული კუთხის გარდა, არანოამ მსახიობების შერჩევაშიც საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ფილმის ემოციური ასპექტები მართლაც უმაღლეს დონეზე დაიჭირა. მოკლედ რომ ითქვას, სანახაობრივი სცენებისა და ესპანური შარმის მოყვარულებისთვის ეს ფილმი საკმაოდ კარგი დროის გატარების საშუალება იქნება, თუმცა უფრო მეტს ნამდვილად არ უნდა ელოდოთ. ფერნანდო ლეონ დე არანოამ მიუხედავად ბარდემის უდიდესი დახმარებისა, ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად ვერ შეძლო.