2015 წლის, 13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში წყალდიდობა მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების რაღაც ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი დამაძინებელი წამალიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი, ვეფხვისა და ლომისათვის სრულიად საკმარისია, რომ გაანადგუროს მასთან ახლოს მყოფი ადამიანი და შეიწიროს მისი სიცოცხლე.
ამან ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის.
პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.