დედპული. ამით ნებისმიერი იდეალის მქონე კინომოყვარულისთვის ყველაფერი ნათქვამია. ეს სახელი არ საჭიროებს მის მიერ გამოწვეული ქმედებებისა და მათი მოტანილი ზვავის რაიმე სახით ახსნას.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ სუპერგმირების სამყაროს უმაღლეს ტახტზე მჯდომი ყველაზე არასუპერგმირული გმირი ახალ ფილმშიც ჰოლივუდური ეპოსისგან სრულიად დაცლილი იუმორის შარავანდედით მოგვევლინა და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ მასთან ურთიერთობისას შეუძლებელია ჩვენს კომფორტ–ზონაში ოდნავ მაინც დავრჩეთ.
რაიან რეინოლდსის ფანტაზიის უნარი და ჰოლივუდში არსებული ყველა წესის დარღვევის სურვილი დედპული 2–ის მარკეტინგული ბიუჯეტის მსგავსად უსაზღვროდ დიდი აღმოჩნდა. მარველი კიდევ ერთხელ მოევლინა კინოსამყაროს მთავრობად და სხვადასხვა ჟანრის მოყვარულები ერთი საოცარი შოუს პარტერში შეკრიბა, რომლის წინ არსებულ სცენაზეც ჯოშ ბროლინის სოლისტობით დაიდგა ყველაზე უფრო დიდი თეატრალური წარმოდგენა, რაც კი ოდესმე თბილის ოპერისა და ბალეტის თეატრს წარმოუდგენია. თუმცა, თქვენთვისვე აჯობებს, თუ არ იფიქრებთ, რომ წინ ოდნავი დანდობა ან მოსადუნებელი სანახაობა გელით. დედპული 2–ის სანახავად მისვლა და დარბაზის კომფორტულ სავარძელში მოთავსება ელექტროსკამზე დაჯდომას უდრის, რადგან 2 საათის განმავლობაში რეჟისორი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსწევს საშინლად გადამდები სიცილის, სევდის და აღფრთოვანების მეტაბერკეტებს და სურათის ბოლოს უსაზღვრო გაკვირვების და გამოშტერების ბერკეტის ჩამოწევასაც არ შეუშინდება ბოლო საბედისწერო ძაბვის ტალღის მსგავსად. მარველის კინოსამყაროს ძირძველი ფანებისთვის ფილმის დასასრული სრულიად მაზოხისტურ გამოცდილებად გარდაიქცევა, რადგან რაიან რეინოლდსის მოფიქრებული სცენარი დასასრულისას ერთგული ფანებისთვის ყველაზე დიდი სურვილის ასრულებას ახერხებს, რაც გულს აუცილებლად შეგიკუმშავთ. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ ვრცლად, მანამდე კი ჯობია ის ალოგიკური ნიუანსები განვიხილოთ, რაც დედპულის სტილის ფილმს წესით არ უნდა ახლდეს თან, თუმცა დევიდ ლიტჩი არ შეუშინდა და საკუთარ განსხვავებულ ნამუშევარს შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მოაკლო და ბოლოს ფქვილიანი ხელით მარილიც კი მოაყარა. რათქმაუნდა, მარილში იგულისხმება ის საოცარი მუსიკალური აკომპანიმენტი, რომელიც ფილმს დასაწყისიდან ბოლო კადრამდე თან სდევს. პროექტის ავტორებმა გზად არაერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ერთდროულად დაბსტების მიწასთან გასწორება და ჰიპ–ჰოპის შეზავება ყველაზე კლასიკურ ნაწარმოებებთან მართლაც არ იყო ახალი რამ მარველის სტუდიისგან, თუმცა რეინოლდსმა გალაქტიკის მცველების წამოწყებული აფიორა უფრო მაღალ მწვერვალზე აიყვანა და შეიძლება ითქვას, კარგად დაძველებული სიმღერებიც კი ყველაზე ახალგაზრდული ტონით არია ერთმანეთში. ცალკე აბზაცი ეკუთვნის სელინ დიონისა და რაიან რეინოლდსის დუეტის მიერ დანთებულ ცეცხლს, თუმცა ამ ქალის დონეს შეფასება არ სჭირდება.
კინოსამყაროს კომპლექსურ მანქანას ლიტჩი და პროდიუსერების გუნდი ძალიან წარმატებით გაექცა. უდაო იუმორის სახით, ახალგაზრდა რეჟისორმა რაიანთან ერთად დედპულს შესძინა ყველაზე უფრო ორგანული, არამანკიერი ძალა, რომელიც ემოციების ყველა ინსტანციას ერთმანეთს მიყოლებით ჩამოგინგრევთ. არ არსებობს ისეთი ეთიკური ნერვი, რომელიც ამ ფილმის ნახვისას ოდნავ მაინც არ შეგიტოკდებათ, თუმცა აქ მაინც ერთი ფაქტია მთავარი. რაც კი პრემიერაზე მისვლამდე გაიგეთ, თრეილერში დაინახეთ ან მეზობლის დაცვის ბიჭისგან ჭორის სახით მოისმინეთ, ჩათვალეთ რომ სეანსის დარბაზის ჩაბნელებისას ეკრანზე მაგ ყველაფერსაც ნახავთ და კიდევ ისეთ რამეს მოესწრებით, რასაც თქვენამდე არცერთი თაობა არ შესწრებია. რაიან რეინოლდსმა არამარტო წითელკოსტიუმიანი ანტიგმირის, არამედ საკუთარი პირადი ცხოვრების უდიდესი ნაწილიც გაწირა ამ ფილმის საუკეთესო სცენების გადასაღებად და მთლიანად ჩამორეცხა მათ ყველანაირი რეზონანსული წუნი, ოღონდ ეს წყლის მაგივრად სისხლით გააკეთა, ძალიან, ძალიან ბევრი და ძვირფასი სისხლით.
რთულია ისეთი 2 საათიანი სცენარი გაწერო, რომლის ყურების დროსაც მაყურებელი მხოლოდ ისეთ დეტალს ამოიცნობს და განჭვრეტს, როგორიცაა იმის მიხვედრა, რომ მთელი ფილმი ჰარმონიული დასაწყისის მსგავსი არ იქნება. მიმართულების 180 გრადუსით შემოტრიალებასთან ერთად, რასაც იშვიათად, თუმცა სტანდარტული დოზით აკეთებენ ჰოლივუდში, დედპულის სცენარისტებმა წარმატებით მოახერხეს ფილმის მიმართულება მინიმუმ ხუთჯერ მაინც შეეცვალათ მათთვის მიკუთვნებულ ქრონომეტრაჟში. ისტორია სრულიად თავისუფალია წარსულისგან და იმის ახსნისგან, თუ რის საყურებლად ხართ მისული, შესაბამისად პირველი ნაწილისგან განსხვავებით, დედპული 2 პირდაპირ მოქმედების ეპიცენტრში გვაგდებს და ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ გვაძლევს. ლინგვისტურ ოსტატობასთან ერთად, რაც პირველი ფილმიდანაც მკვეთრად გვახსოვს, ამჯერად ახალი რეჟისორის ხედვამ ექსცენტრიული პერსონაჟის ცხოვრება სრულიად განსხვავებული თვალით დაგვანახა და მთავარ გმირს მისივე იუმორის დონის ექშენიც აჩუქა. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი ხარისხის მოქმედებითი სცენების უმრავლესობა CGI-ს გარეშეა გადაღებული, რაც მათ უნიკალურ ეფექტს სძენს და ადვილად ვხედავთ რეჟისორის უდაო ჩანაფიქრს. თუკი თქვენ ელოდებით სინქრონულ ფილმს, კარგი და ბოროტი მხარით, დამარცხება–გამარჯვებით ან რაიმე მორალური კომპასით გაწონასწორებული სცენარით, მაშინ ჯობია ისევ infinity war-ის ბილეთები შეიძინოთ, მგონი ჯერ კიდევ გადის ქართულ კინოთეატრებში. რაიან რეინოლდსის წყალობით მისი ახალი ფილმი მთლიანად განდგა კლიშე მიმართულებებისგან და სრულიად ახალი ჟანრი ჩამოაყალიბა კომიქსებზე დაფუძნებული ფილმების სამყაროში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „ უფრო მეტი ვიდრე მეოთხე კედელი“, რადგან დედპულისგან სიამოვნების მიღება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მასზე მომუშავე ადამიანებმა იდეალურად შეძლეს მთლიანი მანძილის გამოვლა ეკრანიდან თქვენს ემოციებამდე, პორტიეს ოსტატურობით განათავსეს ყველაზე ორიგინალური ხუმრობებითა და მოულოდნელი ნახტომებით სავსე ჩემოდნები თქვენს გონებაში, ახლა კი თქვენგანაა საჭირო მათთვის ფეხის ქირის მიცემა და იმაზე დაფიქრება, თუ რა ჯანდაბა მოხდა ეკრანზე. დიახ, ბოლოს ეს კითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, რადგან რაიან რეინოლდსმა შეძლო, წავიდა მთელი ჰოლივუდის წინააღმდეგ და გადაიღო ყველაზე უფრო შოკისმომგვრელი მოვლენა, რაც კი ოდესმე ტიტრების შემდეგ გინახავთ მარველის ფილმებში.
მოკლედ. ეს არის ფილმი, რომელიც ერთი დიდი კულმინაციური ფაზაა დასაწყისიდან ბოლომდე და სწორედ მაშინ ფეთქდება კიდევ უფრო დიდი ემოციური ელექტროშოკით, როდესაც გაიფიქრებთ, რომ უკვე ყველაფერი მორჩა. დეფაქტო ურთიერთობებისგან დაცლილი ისტორია მთლიანად აგებულია დედპულის ყველაზე საინტერესო თვისებების ბოლომდე წარმოჩენაზე და ამას ემატება ისიც, რომ ფილმის მიმდინარეობისას მუტანტების სამყაროს მოყვარულებსაც უზომო შოკი ელით. დედპული 2–ის სახით საბოლოოდ მოვიმკეთ იმ უდიდესი გარიგების მოსავალი, რასაც მარველის კინოსტუდიის მფლობელი „დისნეის“ მიერ იქს–ადამიანებისს საავტორო უფლებების მფლობელი „21st Century Fox“–ის ყიდვა ქვია. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ დედპული 2 არის ფილმი, რომელიც არ საჭიროებს არანაირ კონტექსტს, რომელიმე ფილმის ნახვას ან რაიმე კომიქსის წაკითხვას, რადგან თქვენ ეკრანზე ფერადი ფანქრებითაც კი აგიხსნიან იმას, რაც სრულყოფილი სიამოვნების მისაღებად გჭირდებათ, პირდაპირი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, ორმაგად და სამმაგად დიდ სიამოვნებას მიიღებს ის, ვისაც აქამდეც სურდა კომიქსების ყველაზე ნაცნობი და საყვარელი გმირების ერთ სამყაროში ხილვა. რაიან რეინოლდსმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რასაც არცერთი კრიტიკოსი არ მოელოდა მისი ფილმისგან და ჯერ მარტო ის, რომ ასეთი სცენარი და მისი ჯოკრად შემონახული მონაწილეების სია ფილმის გამოსვლამდე საიდუმლოდ შეინახეს, უკვე საკმარისია იმის წარმოსადგენათ, თუ რა ძვირფას პროექტზე ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, აქ უკვე იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა იხილოთ, რადგან არცერთ თქვენ მეგობარს არ ეყოფა ემოციური წონასწორობა და ძალა იმის გადმოსაცემათ, რასაც ფილმის მეორე ნახევარში ნახავს. მოკლედ, დედპულმა კიდევ ერთხელ გაშალა წითელი ხალიჩა და მასზე ამჯერად უკვე შიშველმა გაიარა, სელინ დიონთან ერთად.