ქართული OK! ყველასთვის საყვარელ და ნიჭიერ ქართველ დიზაინერს – ავთო ცქვიტინიძეს AVTANDIL ის მაღაზია-სალონში ესტუმრა. ავთო სიამოვნებით გვესაუბრა თავის განსაკუთრებულ მზადებაზე MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულისთვის. გაგვიმხილა, როგორია მისი შეხედულებით მოდური ადამიანი და რა აზრისაა მსოფლიო მოდის ქართველი ფენომენის – დემნა გვასალიას შესახებ. გთავაზობთ ავთოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
ავთო, რას ნიშნავს თქვენთვის მოდური ადამიანი?
ადამიანის მოდურობას მისი ცხოვრების სტილი განსაზღვრავს. მოდურია ადამიანი, რომელიც არ აკეთებს ტენდენციების კოპირებას და აქვს საკუთარი აზრი. რა თქმა უნდა ატარებს ცდებს, მაგრამ არ არის იმ სარეკლამო კამპანიების მსხვერპლი, რომელიც ასეთი დიდი დოზით მოგვეწოდება ჟურნალებიდან თუ ინტერნეტიდან.
სამოსზე, რომელიც ქალს ან მამაკაცს აცვია, უპირველესად რას აკვირდებით ხოლმე?
უპირველეს ყოვლისა, ვუყურებ პიროვნების გამომეტყველებას და სიცოცხლისუნარიანობას, რამდენად კომფორტულადაა ადამიანი საკუთარ თავთან. თუ ის ხელოვნურია, რაც უნდა ეცვას, ეს უბრალოდ ტანსაცმლის მიქსია ჩემთვის და სხვა არაფერი. უპირველესად, პიროვნება იზიდავს ჩემს თვალსა და გულს. როგორც წესი, ვაკვირდები ხოლმე ზოგადად ადამიანის სტილის შეგრძნებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მარკეტის სამოსი აცვია, ბრენდებით დაკომპლექტებული თუ მეორადი.
რომ არა დიზაინერი, ვინ იქნებოდა ავთანდილ ცქვიტინიძე?
ზოგადად, პროფესიით ფერმწერი ვარ. ჩემი პროფესიიდან შორს ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. მოდი, ასე ვთქვათ: რომ არ ვყოფილიყავი ფერმწერი, ვიქნებოდი დიზაინერი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის აპრილის ნომერში..