რედაქტორისგან
„აი, გაზაფხულიც მოვიდა, წელიწადის მთავარი დრო...“
გურამ დოჩანაშვილი
აპრილის თვე! ამ თვეში დავიბადეთ მეც, დედაც და ჩემი საუკეთესო მეგობარიც... აპრილი იმედის თვეა, ყველა ვგრძნობთ მეტს, თითქოს მეტი შეგვიძლია, გვიყვარდება-ვუყვარდებით, გვიხარია, მიგვეჩქარება, ვლამაზდებით, მეტი ხდება და მეტსაც ველოდებით... ირგვლივ ყველაფერი მწვანდება და თბება, მზეც მეტად გვინათებს სულს და ამიტომაც, ადამიანები ხშირად ვართ დამოკიდებული ბუნებაზე, ამინდზე, სითბოსა და სიცივეზე.
ვფიქრობ, მუზა სიცივეში უფრო მოდის და გეწებება გასათბობად. სიცივეში მეტია შთაგონება, რადგან ხელოვნებაც მეტწილად მძიმეა და რთულ პირობებში უკეთ ვითარდება.
მას მერე, რაც ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი ვარ, 6 თვე გავიდა. ეს კი, ჟურნალის 6 გამოცემულ ნომერს ნიშნავს. ნახევარ წელიწადში უამრავ ნიჭიერ ადამიანს შევხვდი – ხალხს, ვისაც შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქოს; ხელოვნების სფეროშიც და ბევრ სხვა დარგშიც ბევრი ადამიანი გავიცანი, ვინც გამაოცა და მომცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საუკეთესო მომავალი, რომელსაც სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან. ჟურნალი OK! კი მუდამ შეეცდება ასეთი პერსონების წარმატების ისტორიები შემოგთავაზოთ – ამბები, რომლებიც აღგაფრთოვანებთ. მოუსმინეთ მათ – ამ ადამიანებს ჩვენთვის უამრავი რამ აქვთ სათქმელი.
ჟურნალ OK!-ის მთავარი თემა ნინო ანანიაშვილი – ქართველი პრიმაბალერინაა. რა უნდა იყოს ამაზე საამაყო ჩვენთვის, როდესაც ასეთი ადამიანები ამშვენებენ ჩვენს ქვეყანას. ქალბატონ ნინოს იუბილე აქვს და გვინდა, მას უდიდესი წარმატება და უსაზღვრო ბედნიერება ვუსურვოთ. ნინო ანანიაშვილს შეუძლია იცხოვროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი პატრიოტიზმი არ აძლევს ამის საშუალებას. დღესაც, ჩვენს ქვეყანას პაწაწინა ბალერინებს უზრდის, ეძიება მათში ნიჭს და ასე ემსახურება თავის ქვეყანას, რომლის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.
შევხვდი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვარს, ვიზუალურ არტისტ ლევან სონღულაშვილს. 26 წლის ასაკში მას უკვე ნახევარი მსოფლიო იცნობს. მისი ბიოგრაფია იმდენად შთამბეჭდავია, რომ არც ვიცი, რომელი მომენტი გამოვყო: ის, რომ მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს წამყვან გალერეებში; ის, რომ მისი ძალიან ცნობილი ტილო „სოტბის“ აუქციონზე გაიყიდა… არა მხოლოდ ლევანის ბიოგრაფია, არამედ მისი ნამუშევრებიც არის ის, რაც ყველამ უნდა ვნახოთ. პირადად ჩემზე, მისმა ნახატებმა ისე იმოქმედა, იმდენად დადებით ენერგიას და უამრავ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს მისი მხატვრობა, რომ ძალიან დიდხანს გამყვა ეს ემოცია და 4 აპრილს აუცილებლად კიდევ ერთხელ ვნახავ მის ტილოებს – უკვე გამოფენაზე, ჩვენთან, თბილისში, 4 აპრილს, გალერეაში „ერთი“. ამ ექსპოზიციის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება.
უამრავ ადამიანზე მოგიყვებით OK!-ის აპრილის ნომერში. ისინი ანთებული ვარსკვლავებივით ციმციმებენ ჩვენს რეალობაში და გვილამაზებენ ცხოვრებას, გვაძლევენ მომავლის იმედს და ყოველთვის დადებითი ემოციებით გვავსებენ.
ნინო ჯიბლაძე
მთავარი რედაქტორი