ქართული OK! აგრძელებს რუბრიკას „საუბრები სასახლეში“, რომელსაც კვლავაც მუხრანბატონის ულამაზესი სასახლე მასპინძლობს. თანამედროვე, ნიჭიერ მწერალ სალომე ბენიძესთან ძალიან საინტერესო საუბარი სწორედ შატო მუხრანში შედგა. განსაკუთრებულად ემოციური ბმა ღვინოსთან და ქართულ ვენახთან, საყვარელი ავტორების მხატვრულ სამყაროში შეღწევა და მათი გულდაგულ გადმოქართულებით მკითხველთა განებივრება, სხარტი პოეზიიდან დინჯ პროზაში მოკალათებით, ცხოვრებისეული ეტაპების ცვლილება – წაიკითხეთ სალომეს საქმიანობაზე, შეხედულებებსა და სამომავლო გეგმებზე მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, მხოლოდ ქართული OK!-ის ფურცლებიდან.
სალომე, მუხრანბატონის ულამაზეს სასახლეში ვიმყოფებით. აქ თავს ხშირად იყრიდნენ ხოლმე გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, მწერლები, მუსიკოსები. ამ ადგილს თავისებური, განსაკუთრებული მისტიკა და სული აქვს. თქვენ ხშირად სტუმრობთ ამ სასახლეს? საინტერესოა, თქვენთვის, როგორც მწერლისთვის, რას ნიშნავს ეს ადგილი?
შატო მუხრანში სტუმრობა ძალიან მიყვარს. უპირველესად, ეს ადგილი იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენ გუშინ არ გავმხდარვართ ევროპული კულტურის ნაწილი და ევროპული ესთეტიკა, კულტურა დიდი ხანია ზის ჩვენს ტრადიციებსა და ბუნებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ლამაზი, ისტორიული ადგილების არსებობა, რომლებიც ეროვნული კულტურისა და ღვინის ცენტრს წარმოადგენენ.
ცალკე აღებული ღვინის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი გვარი წარმოშობით ლეჩხუმიდან, სოფელი ზუბიდანაა. ეს არის ადგილი, სადაც მოდის უსახელოური – ქართული ვაზის უნიკალური ჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ზუბში არასოდეს ვყოფილვარ, ღვინის კულტურასთან ძალიან დიდი ემოციური ბმა მაქვს. ჩემი დიდი ოცნებაა, ვიყიდო უსახელოურის ვენახი.
სალომე, პოეზია თუ პროზა?
ამ ეტაპზე ცოტა რთული სათქმელია. წლების წინ რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ პოეზია. იმიტომ, რომ მე, როგორც ავტორი, პოეზიიდან მოვდივარ. თუმცა პროზასაც ყოველთვის ვწერდი. ადრე ჩემს სათქმელს უფრო პოეზიით გამოვხატავდი ხოლმე, მაგრამ უცნაურად შემობრუნდა ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც წიგნის „ქალაქი წყალზე“ წერა დავიწყე. მაქვს შეგრძნება, რომ პოეზიის ნაწილმა უკან გადაიწია ჩემს ცხოვრებაში და ამით რაღაც ეტაპი დამთავრდა კიდეც. ახლა ჩემი საქმიანობა უფრო პროზას და თარგმანს მოიცავს. ხანდახან მგონია, რომ თავს მეტისმეტად ვიტანჯავ, რადგან თარგმანი მართლაც კოლოსალური შრომაა. ამაზე დიდი შრომა ჩემთვის სხვა არაფერია. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში დღეები და ღამეები, როცა ამის გამო ფიზიკურადაც ცუდად ვყოფილვარ, ხერხემალი საოცრად მტკიებია, მაგრამ ვერაფრით ველევი ამ საქმიანობას. ყოველთვის, როცა მორიგ წიგნს ვამთავრებ, ვიტყვი, რომ მორჩა, აღარ გადავთარგმნი, მაგრამ შემდეგ ჩემი გამომცემლები ისეთ წიგნებს მთავაზობენ, რომ უარს ვერ ვამბობ.
ბოლოს რომელ თარგმანზე იმუშავეთ?
სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“. ავტობიოგრაფიული რომანია.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის მარტის ნომერში...