ქართული OK!-ის სტუმარი ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ლეილა მესხის სახელობის აკადემიის პრეზიდენტი ლეილა მესხია. ქალბატონი ლეილა სიამოვნებით გვესაუბრა ახლადგახსნილ, განახლებულ აკადემიაზე, რომელიც მართლაც მრავალმხრივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს თავის მოსწავლეებს, სპორტსმენებს და ყველას, ვისთვისაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.
რა ქმნის ადამიანის წარმატებას? სწამს თუ არა იღბლის, და რჩევა, რომელმაც მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა – წაიკითხეთ ჩვენს რესპონდენტთან ძალიან საინტერესო, ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ქალბატონო ლეილა, სასიამოვნო სიახლეზე საუბრით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ: სულ ახლახან, 15 თებერვალს გაიხსნა ლეილა მესხის სახელობის განახლებული ჩოგბურთის აკადემია, ახალი კორტები. რას მოიცავს ეს სპორტკომპლექსი?
მე სწორედ ამ კორტებზე ავიდგი ფეხი, როგორც ჩოგბურთელმა. 7 წლის ასაკში მამამ აქ მომიყვანა პირველად. 1995 წელს, პრივატიზების პროცესი რომ დაიწყო, ეს კომპლექსი მე შევიძინე. 1 წელიწადში ჩამოყალიბდა ჩოგბურთის აკადემია. რა თქმა უნდა, ამ ბაზაზე არსებობდა ძველი შენობები, დიდი რეკონსტრუქცია ჩატარდა. შენობა მთლიანად დაინგრა და ნულიდან აშენდა კომპლექსი საცურაო აუზით, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზებით, სამასაჟე ოთახებით, საუნით, განახლებული სტადიონით. აქ გვაქვს ისეთი სახის მომსახურებები, როგორებიცაა კოსმეტოლოგია, სოლარიუმი, სალონი. ეს გახლავთ სასტუმრო-კომპლექსი. გვაქვს ასევე ძალიან კარგი კაფე, საკმაოდ დაბალი ფასებით, რომელიც ძირითადად ჩვენი აკადემიის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ემსახურება.
რას ნიშნავს თქვენთვის ჩოგბურთი? და საინტერესოა გაიხსენოთ, რა სირთულეებს აწყდებოდით წარმატების გზაზე?
რა თქმა უნდა, დასაწყისიდანვე ეს რთული და მძიმე გზა იყო, თავის გადადება მხოლოდ ერთი საქმისთვის. ჩემს ცხოვრებაში ჩოგბურთის შემოსვლის ინიციატორი მამა გახლდათ და სწორედ მასთან ერთად გავდიოდი რთულ გზას. იყო ძალიან ბევრი წარმატება, მაგრამ ამის პარალელურად არსებობდა პრობლემებიც, ჩავარდნები და პერიოდები, როცა საკუთარ თავს ვეკითხებოდი – ღირს კი ამ საქმისთვის ასე თავის გადადება? სკოლის ამხანაგებთან გართობა, დაბადების დღეები, ეზოში თამაში – ეს ყველაფერი ჩემთვის არ არსებობდა, რადგან დღეში 6-8 საათიანი ვარჯიშის შემდეგ, სხვა აღარაფრისთვის დრო არ მრჩებოდა. თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს აზრები უკან იხევდა, რადგან წარმატების მიღებას იმხელა დაფასება და სიხარული მოყვებოდა, რომ კმაყოფილება ყველა სირთულეს ფარავდა. შეგნებული მქონდა, რომ თუ არ ვივარჯიშებდი, არაფერი მექნებოდა, ხოლო თუ მოვიგებდი – ეს დიდ ბედნიერებას მომიტანდა. მახსოვს, ტურნირებიდან რომ ჩამოვიდოდი, მამა, რომელსაც ძალიან მონატრებული ვყავდი ხოლმე, მეტყოდა – მოდი რა, დღეს დარჩი შინ, აღარ ივარჯიშოო, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და ვვარჯიშობდი. ჩოგბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ბავშვობიდან დღემდე ამ საქმეს ვემსახურები.
ოდესმე სხვა პროფესიით თუ გიმუშავიათ? როგორც ვიცით, უცხო ენების სპეციალისტი ბრძანდებით.
დიახ, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. თუმცა, არასოდეს მიმუშავია ჩოგბურთის გარდა სხვა სფეროში. მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი. არასოდეს მიმუშავია სახელმწიფო სამსახურში და არასოდეს ამიღია ხელფასი – ჩემი ანაზღაურება შედგებოდა საპრიზო ფონდისგან. ფედერაციის პრეზიდენტობა კი პირიქით – ითხოვს დახმარებას და ფინანსური რესურსების საქმისთვის მიშველებას. ჩემი დიდი წარმატება იყო ის, რომ გავხდი ტურნირის დირექტორი ბაქოში, სადაც ოფიციალურად საკმაოდ დიდ ჰონორარს ვიღებდი. ახლა აკადემიას ვხელმძღვანელობ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის მარტის ნომერში...