ქართული OK!-ის სტუმარი გონიერი, მომხიბლავი და წარმატებული ახალგაზრდა ქალია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული PR-სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე სიამოვნებით გვესაუბრა განვლილ წლებსა და გამოცდილებაზე, თავის კომპანიაზე და იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად.
თეონა, მოუყევით ჩვენს მკითხველებს, სად გაქვთ მიღებული განათლება.
პროფესიით ჟურნალისტი ვარ. პირველ 3 წელიწადს ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი გამიმართლა და ვისწავლე იტალიის მედიასკოლაში, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლებელია ამ სფეროში. ეს უდიდესი გამოცდილება იყო და მთლიანად შემიცვალა დამოკიდებულება იმ აბსტრაქტული საქმიანობის მიმართ, რომელსაც ჩემთვის ჟურნალისტიკა წარმოადგენდა. მივხვდი, როგორი კონკრეტულია რეალურად მედიაჟურნალისტიკა. იმ დროს, როცა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, ეს იყო უფრო თეორიული ცოდნის მიღების საშუალება, იტალიაში კი დავინახე, რომ ევროპაში ამ საკითხის მიმართ სულ სხვა მიდგომაა. ადამიანები სრულიად გააზრებულ ასაკში მიდიან ჟურნალისტიკის შესასწავლად.
ზოგადად, ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ცხოვრებისეული პრიორიტეტია განათლების მუდმივად მიღება. მედიასკოლის შემდეგ, დავამთავრე პროექტის მენეჯმენტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში და მიმაჩნია, რომ იქ მომეცა უნარები, უფრო სტრატეგიულად შემეხედა ჩემი პროფესიისთვის. ამის შემდეგ იყო ლონდონის პიარისა და ბრენდინგის სკოლა და პრინციპში, ყოველთვის ვცდილობ ყოველ წელიწადს დავიმატო გარკვეული ცოდნა, რაც საკმაოდ მარტივია დღეს, ინტერნეტსწავლების ეპოქაში. ვსწავლობ, ვასწავლი და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის განვითარების თანმდევი მუდმივი პროცესია. დღეს განათლებამ შეიძინა არა დიპლომის შინ შენახვის ფუნქცია, არამედ ის, რომ მუდამ იყო აქტუალური და შემოქმედებითად განახლებული, მით უფრო – კომუნიკაციის სფეროში.
გაიხსენეთ თქვენი პირველი სამსახური.
პირველ კურსზე ვიყავი, როცა გაზეთ „24 საათში“ სტაჟირებაზე მივედი. მომწონდა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და ამან განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. მუდმივად მივილტვი საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციისკენ. ვცდილობ, ისეთ პიროვნებებთან მქონდეს კონტაქტი, ვინც ჩემზე მეტი იცის, უფრო წარმატებული და გონიერია. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. შემდეგ იყო ტელეკომპანია „მზე“, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე მედიის კუთხით და იქ დავაგროვე ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები, რომელიც დღემდე მეხმარება. ამის შემდეგ იტალიაში, ადგილობრივ ტელევიზიაში მომიწია მუშაობა. საინტერესო ექსპერიმენტები ჩავატარეთ ემიგრანტებთან დაკავშირებით.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის თებერვლის ნომერში...