ქართული OK! ცნობილ ქართველ მხატვარს, რუსუდან ფეტვიაშვილს სამხატვრო სახელოსნოში ესტუმრა. ულამაზესი ნამუშევრებით გარემოცულ ოთახში ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ინტერვიუ შედგა. რუსუდან ფეტვიაშვილი დიდი სიამოვნებით გვესაუბრა ბავშვობის წლებზე, პირველ ნახატზე, წარმატებასა და ოჯახზე. როგორი დიასახლისია რუსუდან ფეტვიაშვილი და როგორ ხვდება ხოლმე ახალ წელს – წაიკითხეთ ქართული OK!-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რუსუდან, თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ. ხატვა რა ასაკიდან დაიწყეთ?
წლისა და 10 თვის ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ცხადია, მე არ მახსოვს ის ნამუშევარი, დედას აქვს შენახული. ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი რომ დაიბადა, მისი პორტრეტი დამიხატავს. მას შემდეგ სულ ვხატავ და ვხატავ.
როდის მოვიდა პირველი წარმატება?
პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში მქონდა. თენგიზ მირზაშვილმა და ავთო კუხიანიძემ გაუწიეს ორგანიზება და ელენე ახვლედიანმა გახსნა ეს გამოფენა ბავშვთა ხელოვნების გალერეაში, ფილარმონიის თავზე. შემდეგ კვლავ იყო გამოფენა მოსკოვში, 8 წლის ასაკში, მოგვიანებით – 12 წლის ასაკში, რომელიც ვიზიტორების სიმრავლის გამო დიდი ხნის განმავლობაში – 3 თვე გაგრძელდა. მახსოვს, იმ დროს ასომთავრულად ვაწერდი ხოლმე ხელს ან მინაწერებს ვუკეთებდი ჩემს ნახატებს. მეგონა, არავინ იცოდა და მხოლოდ მე მეცოდინებოდა საკუთარი წარწერების შინაარსი. როცა აღმოვაჩინე, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდა ეს დამწერლობა, სპეციალურად შევისწავლე ეგვიპტური იეროგლიფები და შემდეგ ამით ვაწერდი ნამუშევრებს ხელს. წარმატება ნელ-ნელა მოვიდა. ახლა რომ ვუყურებ ჩემს მაშინდელ ნამუშევრებს, ვხვდები – საკმაოდ დატვირთული იყო შინაარსობრივად. მაშინ, კომუნიზმის დროს, შეზღუდულები ვიყავით თემატიკაში, მე კი – ბავშვი, ამ შეზღუდვებს ნაკლებად ვემორჩილებოდი. ბევრი ფანტაზია იდო იმ ნამუშევრებში, არაფერს ვერიდებოდი და არაფრის მეშინოდა, რადგან მშობლები სხვაგვარად მზრდიდნენ, მასწავლიდნენ, რომ მეკეთებინა ის, რაც მსურდა, თავისუფალი აზროვნებისთვის გზა მიმეცა და არავის შეხედულებაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული.
შექმნილი გაქვთ ილუსტრაციები ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული განძის – „ვეფხისტყაოსნისთვის“. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი? როგორ გაიხსენებდით მასზე მუშაობის პერიოდს?
ესეც დიდი ხნის წინანდელი ამბავია. 13-14 წლისას პარიზში მქონდა გამოფენა, საქართველოს დღეები მიმდინარეობდა და ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩამოსული. ერთ-ერთი გახლდათ გასტონ ბუაჩიძე, რომელმაც თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და პარიზის ერთ-ერთმა გამომცემლობამ, რომელსაც უნდა გამოეცა ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, შემომთავაზა გამეკეთებინა წიგნისთვის ილუსტრაციები. 17 წლის ვიყავი, როცა ეს პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, რუსეთს მოუნდა ამ პროექტში ჩართვა, ფრანგულ გამომცემლობას თავისი მხატვარი შესთავაზა; საქმეში ჩაერია რუსული გამომცემლობაც, თუმცა ფრანგულმა მხარემ უარი უთხრა რუსებს და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მე – „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნის წარმომადგენელს, შემესრულებინა ეს საქმე. ასე განხორციელდა ეს პროექტი. ორი წელი ვმუშაობდი ილუსტრაციებზე. თითო სურათი ნაწარმოების თითო თავს მოვარგე. იმ პერიოდში ძალიან მიყვარდა „ვეფხისტყაოსანი“, მაშინ, ფაქტობრივად, მისით ვსაზრდოობდი; თითქმის მთლიანად ზეპირად ვიცოდი და ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, ამიტომ მასზე მუშაობის პროცესიც დიდ სიამოვნებასთან გახლდათ დაკავშირებული.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის იანვრის ნომერში...