მსოფლიო მოდის ბიბლიის – VOGUE-ის დეკემბრის ნომრის გარეკანი, არც მეტი არც ნაკლები, ყველასთვის საყვარელ, ლეგენდარულ მსახიობს – მერილ სტრიპს დაეთმო. ეს საკმაოდ სიმბოლური ნაბიჯი იყო ჟურნალის მხრიდან – მერილმა ხომ რამდენიმე წლის წინ თავად „ვოგის“ მთავარი რედაქტორის, სტილის განსახიერების – ანა ვინტურის როლი შეასრულა, ძალიან პოპულარულ და გახმაურებულ ფილმში, სახელწოდებით „ეშმაკი ატარებს პრადას“. მაშინ, როცა კენდალ ჯენერის მსგავსი 20 წლის ნორჩი სუპერმოდელები ერთმანეთს ეცილებიან „ვოგის“ ყდაზე მოხვედრას, 68 წლის მერილმა თავისებური ელეგანტურობითა და გრაციოზულობით მოირგო მსოფლიოს ნომერ პირველ მოდის ჟურნალში ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილი. მსახიობი კვლავ პოპულარობის ზენიტშია – სულ მალე კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის – THE POST პრემიერა შედგება, სადაც სტრიპი WASHINGTON POST ის გამომცემლის, ქეთრინ გრეჰემის როლს ასრულებს. ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მერილ სტრიპთან.
მერილ, გაგვიმხილეთ, როგორ გამოგდით ოჯახის და კარიერის ასე იდეალურად შეთავსება?
უპირველესად, გამიმართლა, რომ მყავს ძალიან კარგი ქმარი. ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი და ვფიქრობ, ამ მხრივ, საოცრად იღბლიანი ქალი ვარ. გარდა ამისა, საჭიროა საოცარი ამტანობა და საუკეთესო ორგანიზატორული უნარები. თითქოს ერთ დიდ ბიზნესს ვუძღვები, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არანაირი ბიზნესი არ მაქვს. მთავარია სწორად დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა.
სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ?
ხან მსიამოვნებს, ხან არა. ზოგჯერ დავიწყებ კერძის მომზადებას და უცებ ვიტყვი: „ღმერთო ჩემო!“ და ყველაფერს გადავყრი, შემდეგ ხმამაღლა გამოვაცხადებ: „დროა, პიცა გამოვიძახოთ“, წავალ და ოთახში წამოვწვები. როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მყავდა ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ამზადებდა. ახლა არ მყავს მზარეული და თავად ვამზადებ კერძებს, თუმცა, როცა შვილები პატარები იყვნენ, ნამდვილად რთული იყო მათი საშინაო დავალებისა და სადილისთვის ერთნაირად დამეთმო ყურადღება.
რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენმა შვილებმაც მსახიობობა მოინდომეს?
ამაყი ვარ, რომ ჩემმა ქალიშვილებმა ეს გზა აირჩიეს, თუმცა ცოტა მეშინია კიდეც. მეშინია იმ კრიტიკის, რომელიც ძალიან ხშირად თან სდევს მსახიობის პროფესიას და საკმაოდ მტკივნეულია. თუმცა მე არასოდეს დავუშლიდი მათ მსახიობობას, რადგან ეს მართლაც დიდებული პროფესიაა, რომელმაც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...