ქართული OK! ყველასთვის ძალიან საყვარელ, თეატრისა და კინოს პოპულარულ მსახიობ ქეთი ჩხეიძეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო და ლამაზ სასტუმრო GROVE DESIGN HOTEL-ში შეხვდა. უნიჭიერესმა მსახიობმა სიამოვნებით გაიხსენა რუსთაველის თეატრში გატარებული წლები, გვესაუბრა თეატრისა და კინოს სპეციფიკაზე და დღეისათვის მის ყველაზე პოპულარულ კინოპერსონაჟ ნუნუკასთან მსგავსებაზე. გარდა ამისა, საკუთარი, მუდმივად ლამაზი გარეგნობის საიდუმლოც გაგვიმხილა. მაშ ასე – ქეთი ჩხეიძე ექსკლუზიურად ქართული OK!-სთვის.
ქეთი, საკმაოდ დიდხანს მუშაობდით რუსთაველის თეატრის სცენაზე. როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?
უმშვენიერესი და უბედნიერესი წლები იყო, გაჯერებული ახალგაზრდული გულწრფელობითა და ენთუზიაზმით, რაც, რასაკვირველია, სათანადო შედეგსაც გვაძლევდა – ვიღებდით ოვაციებს, ტაშს, სიყვარულს, წერილებს, ხალხი ქუჩაში გვაჩერებდა... სხვათა შორის, რუსთაველის სალაროების კედლებზეც გვწერდნენ წერილებს, თუმცა შემდეგ მათ რეცხავდნენ.
გარკვეული შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, საქმიანობა გააგრძელეთ მარჯანიშვილის თეატრში და ეს დღემდე გრძელდება. რა სხვაობას ხედავთ ამ ორ დიდ თეატრს შორის?
რუსთაველის თეატრის მცირე სცენის ახალგაზრდულ დასს სტუმრობდნენ ძირითადად სტუდენტები და სკოლის ასაკის ბავშვები. ისინი ჩვენით ცხოვრობდნენ. დღეში ორ სპექტაკლს ვთამაშობდით და არასოდეს ყოფილა ხალვათობა დარბაზში – ეს ახალგაზრდები ავსებდნენ. საერთოდ, ყველა თეატრს ჰყავს განსაკუთრებული, თავისი მაყურებელი, რომელსაც იმ თეატრის გარეშე არ შეუძლია არსებობა. მარჯანიშვილის თეატრსაც თავისი მაყურებელი ჰყავდა და ცხადია, ახლაც ჰყავს. განსხვავება ამ ორ თეატრს შორის ის არის, რომ რუსთაველი უფრო პომპეზური, კლასიკური იყო. თამაშის სტილიც ასეთი გვქონდა, მარჯანიშვილის თეატრი კი უფრო თბილია და ძალიან ახლოსაა მაყურებელთან. სტილისტიკაც განსხვავდება, თამაშის ხერხებიც. რუსთაველის თეატრში, მესამე იარუსზე მჯდომმა მაყურებელმა რომ დაინახოს რას და როგორ განიცდი, გამომსახველობის სხვა ფორმები სჭირდება. მარჯანიშვილის თეატრში რომ ასე მოიქცე, მაყურებელს ნამდვილად შეეშინდება და გაიქცევა – აქ მეტი სიფაქიზე და სინაზეა საჭირო.
თქვენი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი, რომელშიც გითამაშიათ...
ადრინდელი პერიოდიდან, ალბათ, უფრო „სამანიშვილის დედინაცვალი“. ცოტა რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ყველა როლი უყვარდება მსახიობს. იყო ასეთი სპექტაკლი – „ამაღამ მგონი იქნება ქარი“, სადაც ძალიან უარყოფითი როლი მქონდა, საშინელ ქალს ვთამაშობდი და მაყურებელს შევძულდი. ახალგაზრდა ვიყავი და თავიდანვე ვერ მივხვდი. ეს გვიან დავაფიქსირე, რამაც ძალიან შემაშინა, მაგრამ იმდენი ენერგია დავხარჯე და ისე ვეცადე, რომ ჩემი გმირი ასეთი სახით შემდგარიყო, რომ შემიყვარდა ეს როლიც. შენი შრომა და ძალისხმევა გიყვარდება, რომელსაც როლში აქსოვ. ახლაც მყავს ერთი ძალიან საყვარელი პერსონაჟი – ბებია, სპექტაკლში „თეთრი იასამანი“.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...