ედ შირანს ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა. 2017 წლის ყველაზე პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯილდო მუსიკალურ სამყაროში მიღწეული წარმატებისთვის და ქველმოქმედებისთვის დაიმსახურა. სამეფო ორდენი 1917 წლის 4 ივნისს მეფე ჯორჯ მეხუთემ დააწესა.
ორდენის მოპოვების შემდეგ მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ მიუწვევიათ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონიაზე, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში ის სიამოვნებით დათანხმდება. თანამედროვე პოპ-სამყაროსგან განსხვავებით ედ შირანი საკმაოდ თავშეკავებული და თავმდაბალია, ამას ჟურნალისტებთან გაკეთებული მისი შემდეგი კომენტარიც მოწმობს: „მე სხვა ადამიანებისგან არ გამოვირჩევი განსაკუთრებული ნიჭიერებით. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ნიჭი წარმატების მხოლოდ 30%-ს შეადგენს, დანარჩენი ნაწილი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა.“
ბრიტანეთის სამეფო ორდენი ედ შირანს პრინცმა ჩარლზმა თავად გადასცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მომღერალმა ორდენის შესახებაც ისაუბრა: "ბაბუაჩემი სამეფო ოჯახის დიდი გულშემატკივარი იყო, ის საკოლექციო ჭურჟელსა და სხვადასხვა ნივთებს აგროვებდა. ზუსტად ოთხი წლის წინ ამ დღეს ბაბუაჩემი გარდაიცვალა და დარწმუნებული ვარ ის ნამდვილად ძალიან იამაყებდა ჩემით."