რამდენიმე დღეა, საქართველო დიდმა ტრაგედიამ მოიცვა. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მოზარდებმა ერთმანეთს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა.
საზოგადოება შფოთმა მოიცვა, სად არის სისასტიკის სათავე და რასთან გვაქვს საქმე? თემაზე OK ! ჟურნალისტსა და მომავალ ფსიქოლოგ, თამარ აქუბარდიას ესაუბრა.
თამარი:
ის ტრაგედია, რაც თბილისში დატრიალდა და რომლის შემსწრეც დღეს მთელი საზოგადოებაა, სერიოზულ ანალიზს მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. შემთხვევა ფართო მასშტაბისაა, ამ სისხლიან გარჩევაში მოზარდთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მონაწილეობდა და კონფლიქტში უფრო გამოიკვეთა არა მხოლოდ აგრესია და დაპირისპირება, არამედ ფასეულობების და ღირებულებების კრიზისი.
საერთოდ ბავშვები უფროსებისგან ისრუტავენ ქცევას, მენტალობას, ფასეულობებს და მორალურ, სულიერ ღირებულებებს. ადამიანი სოციალური არსებაა და ვითარდება სოციუმში; ოჯახში, სამეგობრო წრეში, სკოლაში, უნივერსიტეტში. როგორიც არის გარემო ისეთია უმრავლესობაც. პრობლემა არა ბავშვებში, არამედ ჩვენშია, უფროს თაობებში, რომლებიც ვაი, რომ ვერ ვიქეცით კარგ მაგალითებად მათთვის. ვერ შევასწავლეთ მთავარ ფასეულობათა სისტემა, რაზეც დგას ადამიანობა და თავად კაცობრიობა. ჰუმანურობა, ერთმანეთის სიყვარული, განსხვავებული აზრის პატივისცემა, მოთმინება, მიტევება, დათმობის უნარი, თავშეკავებულობა და ემოციების კონტროლი. ეს მარტივი ჩამონათვალია, რაც ბავშვმა უნდა ისწავლოს ოჯახიდან, სოციუმიდან, გარემოდან. ამ ფასეულობებს კარგად ავითარებს ადამიანში რელიგია, განათლება, ეროვნული, ქართული მენტალიტეტი (არ ვგულისხმობ ახალ, ფსევდო ეროვნულ მოძრაობებს, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს და ძალიან წააგავს კომუნისტური იდეოლოგიის გაეროვნულებულ ვარიანტს) რომელიც სიყვარულზე, განათლებაზე და სულიერებაზე დგას მთლიანად. ეს ბავშვები არიან მსხვერპლნი არასწორი აღზრდის, არასწორი გარემოსი, სადაც არ არსებობს ტოლერანტობა, სიყვარული, დათმობა და ერთმანეთის გატანა.
არის რიგი პრობლემები ჩვენში, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, იქნება ეს საზოგადოება, ხელისუფლება, ერი თუ ბერი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავფიქრდეთ მომავალში როგორ ქვეყანას ვაშენებთ და საით მივდივართ. ნებისმიერი პრობლემა უცებ მოწმენდილ ცაზე არ ჩნდება.
OK! : საიდან როდის და როგორ დაგროვდა ამდენი სიძულვილი, რამაც საბოლოოდ ასეთი ნგრევა გამოიწვია?
პრობლემა ნელ-ნელა მწიფდება და სადღაც იფეთქებს ხოლმე. ყველაზე მთავარი რაც ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, ეს არის გადაბრუნებულ ურემზე გოდების ნაცვლად პრევენციაზე ფიქრი და ანალიზი საწყისშივე. განგაშის ზარი დიდი ხანია ირეკება საზოგადოებაში და ამას ყველა ვგრძნობთ. მხოლოდ გაჭირვებას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს მეგობრებო. ვაჟა ფშაველა გაჭირვებაში ცხოვრობდა და მისი გული ენთო ერისთვის და ქვეყნისთვის, სულ გაჭირვებული იყო ქართველი კაცი, მაგრამ სტუმრის სიკეთითა და გულით გამანსპინძლება არ შეუწყვიტავს. აქ სხვა რამეშია საქმე და უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ ეს პრობლემები.
OK!: ვინაა დამნაშავე?
საზოგადოება ვართ ყველანი, რომლებიც არ ვინდობთ განსხვავებული აზრისთვის ერთმანეთს, არ ვინდობთ არა-ჩვენიანს, არა-ჩვენნაირად მოაზროვნეს. დაყოფა ხდება ,,ჩვენიანებად“ და ,,სხვისიანებად“ საზოგადოებაში, სამსახურებში, მთავრობაშიც კი. ყველას ყველგან „თავისიანი“ უნდა, არ ენდობა ხალხი ერთმანეთს. არავინ ენდობა პროფესიონალიზმს, მთავარია „ჩვენიანი“ იყოს. ვინც არ გვეთანხმება ვქოლავთ, ვუსურვებთ განადგურებას, გვეზიზღება და ვლანძღავთ უკანასკნელი სიტყვებით. შეხედეთ გინდ ფეისბუქს, გინდ ტელევიზიებს– რამდენია ზიზღი და მიუღებლობა განსხვავებულის, თუნდაც არასწორის, თუნდაც უსამართლობის (რომელიც შეიძლება უბრალოდ გვეჩვენებოდეს უსამართლობად ან სუბიექტურები ვიყოთ მოვლენის მიმართ). დამნაშავეა ის სოციალური სამყარო, რომელიც ავაშენეთ. რასაც ჩვენი აზრებით, სიტყვით, ემოციით გამოვხატავთ ამ ბავშვებს უკვე ქმედებაში მოჰყავთ, აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ვამბობთ. ჩვენ თუ ვკლავთ სიტყვით და ემოციით ადამიანებს ეს ბავშვები უკვე ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ, ჭრიან, კლავენ. ფეისბუქზე დაწერ რამეს, ვინმეს არ მოეწონება და გიწერენ ათასგვარ უმსგავსობას. ზოგჯერ გაოგნებული ვკითხულობ, რამდენ უფლებას აძლევს ხალხი საკუთარ თავს, მიმართონ უცხო ადამიანებს თავხედურად და ზიზღით. ეს არასწორია და უნდა შევცვალოთ, შევცვალოთ ყველამ საკუთარ თავში. მე თუ მკითხავთ, დასჯადიც უნდა იყოს ნებისმიერ სივრცეში (სოციალურში თუ რეალურში) სიტყვიერი შეურაცხყოფები. უნდა ვისწავლოთ თავშეკავება, მიტევება, ემოციების ასე მიშვება და საკუთარი სიმართლის დამტკიცება ნებისმიერ ფასად ყოვლად დაუშვებელია. აი ამას სწავლობენ ბავშვები ჩვენგან და მათში აგრესიული ქცევის განმტკიცებას ვახდენთ. რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველაფერი ხშირად მაინც განათლების პრობლემებთან მიდის.
OK! : როგორ ვისწავლოთ, რომ კარგი მშობლები ან მოქალაქეები ვიყოთ?
არ არის უხერხული რამე არ ვიცოდეთ, უხერხულია თავს ვიტყუებდეთ. უნდა განვვითარდეთ ყველა სათითაოდ. ვისწავლოთ სწორი მოქცევა საზოგადოებაში. კი არ ვაქილიკოთ უცხო ადამიანები, არამედ მათ ავუხსნათ არგუმენტებით, ვისწავლოთ სწორი კონფლიქტი და სწორი ურთიერთობა ხალხთან, ამას ცოდნა უნდა და უნდა ვისწავლოთ ფსიქოლოგებისგან, პიროვნული განვითარების წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ტრენინგებიდან, ხელისუფლების სწორად გათვლილი პოლიტიკიდანაც (რომელიც უნდა შეიქმნას) იქნება ეს ცვლილება საკანონმდებლო თუ სოციალური.
OK! :როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებია შესატანი ბავშვთა აღზრდისა და განათლების სფეროში?
ჩემს ბავშვობაში სკოლაში მასწავლებელი მოსწავლეს ხელით ეხებოდა და ეს ნორმა იყო, არც ვაპროტესტებდით ამას. თუ გადავუჩურჩულებდით კლასელს რამეს გვცემდნენ ან გვლანძღვდნენ. თუ გაკვეთილი არ ვიცოდით, ასევე გვლანძღავდნენ და შეურაცხყოფის კორიანტელი მოდიოდა. ფსიქოლოგიაში ეს განიხილება როგორც ბავშვის დათრგუნვა და მათთვის აგრესიული ქცევის დასწავლა, ვკარნახობთ მათ, რომ ეს არის ქცევის ერთადერთი მოდელი როგორ მოაგვაროს მომავალში პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროში შეიქმნას მოზარდებთან და პატარებთან ურთიერთობების სწორი მოდელი და სტანდარტი. საჭიროა მშობლების და პედაგოგების ჩართვა პროფესიონალებთან ერთად და ეს უნდა ითაოს პირველ რიგში განათლების სამინისტრომ.
საზოგადოებას ინფორმაცია სწორი აღზრდისა და კომუნიკაციის შესახებ უნდა მიეწოდოს. ასევე ჩემი აზრით, სკოლებში ცხოველების შეყვანა მიზანშეწონილია, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში და ბავშვებს ჰუმანიზმისა და თანაგრძნობის შესწავლაში ეხმარება. ემპათიის ნაკლებობა იწვევს სისასტიკეს, თავად ემპათიის ნაკლებობა კი ჰუმანურობისა და სწორი ღირებულებების არქონის შედეგად ყალიბდება.
ბავშის მოტყუება ხომ ასეთი რთულია, ისინი ჩვენს ნებისმიერ არასწორ ქცევეას გამოიჭერენ, რის გამოც, სინამდვილეში ისინი გვეხმარებიან საკუთარი თავის აღზრდაში და არა ჩვენ მათ. ჩვენ თუ ჩვენს თავს ავღზრდით, ბავშვებიც სწორად აღიზრდებიან.
პატარა ასაკამდე ბავშვი ყველაფერს ხვდება შინაგანად, ინtუიციურად, სწორად იქცევა მშობელი თუ არასწორად, შესაბამისად პატივსაც სცემს ან არ სცემს მშობელს იმისდამიხედვით არის თუ არა ის პატივისცემის ღირსი. ბავშვების აღზრდა ჩვენი ზრდაა.