ქართული OK!-ის სტუმარი ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი გამარჯვებული, მწერალი ალეკო შუღლაძეა. ალეკოს ბესტსელერადქცეულ რომანს „გადამალვა“ უდიდესი გამოხმაურება და მკითხველის სიყვარული ხვდა წილად. მართლაც შეუძლებელია, წაიკითხო გულწრფელობით, ემოციებით, უზადო ტექნიკითა და იუმორით შექმნილი ეს საოცარი ნაწარმოები და მის მიმართ გულგრილი დარჩე. ექსკლუზიურ ინტერვიუში ალეკო ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა რომანის შექმნაზე, საკუთარ ოჯახზე და კიდევ სხვა აქტუალურ თემებზე.
ალეკო, თქვენ ლიტერატურულ კონკურს „საბას“ წლევანდელი გამარჯვებული ბრძანდებით საუკეთესო ქართული რომანის ნომინაციაში, ნაწარმოებით „გადამალვა“. მართლა ისეთი ტკბილია გამარჯვება, როგორც ამბობენ?
მხოლოდ მოცემულ მონაკვეთში, რაღაც პერიოდის განმავლობაში. ეგ განწყობა უკვე მეორე დილით დამთავრდა და ჩვეულებრივ გაგრძელდა ყველაფერი. ხანდახან, როცა ადამიანები მხვდებიან, ისინი მახსენებენ, რომ „საბა“ მაქვს მოგებული, თორემ ისე აღარ მახსოვს.
რამდენ ხანს წერდით „გადამალვას“?
დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვწერდი, რედაქტირებიანად. ძირითადი მონახაზი წელიწადში დამთავრდა და შემდეგ დამატებით ნახევარი წელი ვმუშაობდი.
გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, სცენაზე ასვლისას, განასახიერეთ ცნობილი საცეკვაო ილეთი – დაბინგი. ამ ილეთს ცეკვის დროს ხშირად იყენებთ თუ მოულოდნელად, ავტომატურად წამოვიდა მისი განსახიერების სურვილი?
დაბინგი მასწავლა ჩემმა შვილმა – სანდრომ. ახალგაზრდულობას ვხედავ მასში. ფეხბურთი მიყვარს და ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე ამ ილეთს, როცა გოლი გააქვთ. შემდეგ ვნახე ანიმეში, ერთ-ერთი პერსონაჟი ასახიერებდა „დაბინგს“ ძალიან სწრაფად, სასაცილოდ. ეს რა არის-მეთქი, სანდროს ვკითხე, და დაბინგიაო მიპასუხა. ვკითხე, თუ რას ნიშნავდა. სიხარულის, ემოციების გამოხატვააო, – ასე ამიხსნა. „საბაზე“ წინასწარ ნამდვილად არ ჩამიფიქრებია ეს. სცენაზე რომ ავედი, თავისთავად ამოტივტივდა გონებაში და სხეულმაც გაიმეორა.
„გადამალვა“ საოცრად გულწრფელი წიგნია. ფაქტობრივად, თქვენი ავტობიოგრაფიაა. მაინც რა ნაწილია სიმართლე და რა – დამატებული?
ცხადია, მხატვრული ნიშნით გარკვეული ადგილები შეცვლილია ან დამატებულია რომელიღაც მომენტები. ასე ხდება: ცნობიერებაში რაღაც ამბავს ვიხსენებ, მაგრამ მოდის იდეები, როგორც მხატვრული ხერხი, რომელიც ჰარმონიულად ეწყობა რეალურ ამბავს. ახლა, როცა ნაწარმოები დასრულებულია, ჩემთვის უკვე ყველაფერი სიმართლედაა ქცეული. რა თქმა უნდა, რაღაცები ემატება, რადგან ყველაფერი რომ რეალურად და ნატურალისტურად გადმოიტანო, არ იქნება საინტერესო. რაღაც უნდა გამძაფრდეს, რაღაც პირიქით – შემსუბუქდეს.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ნოემბრის ნომერში...