ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი - დევიდ ლინჩი ჟურნალისტებს სასტუმრო Tbilisi Marriott-ში დღეს შეხვდა. პრესკონფერენციაზე დევიდ ლინჩმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მან საკუთარ ფილმებსა და ტრანსცენდენტული მედიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„მე აგრესიული ვიყავი ჩემი პირველი მეუღლის მიმართ და მის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად ვაქცევდი... ამას კარგად ვიაზრებდი, თუმცა საკუთარი აგრესიის კონტროლი არ შემეძლო. ტრანსცენდეტული მედიტაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ჩემი აგრესია ნელ-ნელა გაქრა და ეს ჩემმა მეუღლემაც შეამჩნია. ამ აგრესიის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ დამიხარჯავს, მაგრამ ვამჩნევდი, რომ უფრო ბედნიერი ვხდებოდი და ჩემი მეუღლის მიმართაც შევცვალე დამოკიდებულება. ამასთან, ვგრძნობდი შინაგანი ძალის მოზღვავებას, ეს კი ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნეგატიური განწყობა საქმის კეთებისასაც აღარ მაწუხებდა და ვიგრძენი უდიდესი თავისუფლება.“
პრესკონფერენციის ბოლოს დევიდ ლინჩმა საქართველოში ვიზიტისას შექმნილ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში სტუმრობისას თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში: "მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ყველგან მქონდა შეგრძნება, რომ სახლიდან შორს ვიყავი, საქართველოში კი ძალიან კარგი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყველაფერი ახლობელი იყო ჩემთვის."
შეგახსენებთ ცნობილი რეჟისორის საქართველოში ვიზიტი დაკავშირებულია დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად ლინჩმა დააარსა და ეს ფონდი ტრანსცენდენტული მედიტაციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდის პრეზიდენტი ცნობილი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა.
საქართველოში ვიზიტის დროს დევიდ ლინჩმა გამოთქვა ინიციატივა, თბილისში ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის გახსნასთან დაკავშირებით. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით აღნიშნული ობიექტი რეგიონის ინტელექტიუალურ ცენტრად უნდა იქცეს. მისივე განმარტებით, ახალ საერთაშორისო კინოაკადემიაში პრაქტიკული სამუშაოების გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფიის ისტორიაზე, თეორიასა და მის ფილოსოფიაზე. მინისტრის განცხადებით განათლების სამინისტრო მხარს უჭერს ახალ ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა გაღრმავდება.
შეგახსენებთ, დღეს 17:00 საათზე კლუბ "ხიდში" დევიდ ლინჩი საჯარო ლექციას გამართავს ტრანსცენდენტულ მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესახებ.
ხოლო 19:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ლინჩის ფილმის "მალჰოლანდ დრაივის" ჩვენება გაიმართება, სადაც ცნობილი რეჟისორი მისასალმებელ სიტყვას წარმოთქმავს.