სრულიად მსოფლიო მოდის ყურადღება დღეს ლეგენდარული სუპერმოდელების – სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ულამაზეს შვილებზეა მიპყრობილი. 16 წლის უმშვენიერესმა კაია გერბერმა სულ ცოტა ხნის წინ, „კელვინ კლაინის“ შოუზე შთამბეჭდავი დებიუტით დაიპყრო პოდიუმი, რასაც „შანელის“, „ფენდის“, „ივ სენ ლორანის“ და სხვა მოდის გიგანტების ჩვენებებზე ულამაზესი გამოსვლები მოჰყვა. დაზე არანაკლები წარმატებით საქმიანობს მოდის სფეროში 18 წლის პრესლი გერბერიც, რომლის პირველი ჩვენება „მოსკინოს“ კოლექციის წარმოდგენას უკავშირდება. გასაკვირი ალბათ არაფერია – ცნობილი მშობლების გენებმა შვილებშიც იჩინა თავი.
ორივე – კაიაც და პრესლიც საოცრად ჰგვანან ულამაზეს დედას. პრესლის სინდის „საფირმო“ ხალიც კი ამშვენებს ტუჩის სიახლოვეს. კროუფორდი ყველანაირად მხარში უდგას შვილებს ახლადწამოწყებულ საქმიანობაში და არც სასარგებლო რჩევებს აკლებს. „ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩემმა შვილებმა ეს-ესაა ფეხი შედგეს მოდის ზღაპრულ სამყაროში. ხშირად ვახსენებ მათ, რომ ყოველთვის დროულად მივიდნენ დანიშნულ ადგილზე, იყვნენ მომზადებულნი, მოიქცნენ პროფესიონალებივით, არ მიეჯაჭვონ ტელეფონებს, ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა ადამიანებთან და რაც მთავარია – ისიამოვნონ თავისი საქმით“, – ამბობს სინდი ერთ-ერთ ინტერვიუში. „ორივეს საკმაოდ კარგი თავი აბია მხრებზე, ამიტომ არ ვღელავ, მშვიდად ვარ“, – დასძინა სინდიმ. საინტერესოა... სუპერმოდელმა ალბათ ლამაზი, სიმეტრიული თავები იგულისხმა, ულამაზესი ღაწვებითა და ყვრიმალებით.
ქართული OK! გთავაზობთ ინტერვიუს კაია და პრესლი გერბერებთან.
თქვენი პირველი მოგონება, რომელიც მოდას უკავშირდება.
(პრესლი): ეს იყო ბრიუს უებერის მიერ გადაღებული ფოტოსესია CR-თვის (მოდის წიგნი). ეს ჩემი პირველი ფოტოსესია იყო და ძალიან სერიოზულად მივუდექი.
(კაია): მე პირველად „ვერსაჩესთვის“ ვიმუშავე. სხვათა შორის, ეს ბრენდის პირველი გადაღება იყო, რომელიც ბავშვებს მიეძღვნა. მაშინ სულ 10 წლის ვიყავი და კარგად ვერც ვიაზრებდი, რამდენად სერიოზული იყო, რასაც ვაკეთებდით. ეს რომ ახლა ხდებოდეს, გული ამომივარდებოდა ნერვიულობისგან.
ყველაზე უცნაური რამ, რაც გადაღებების დროს ჩაგიცვამთ.
(პრესლი): მხოლოდ ბეწვის პალტო, შარვლის გარეშე. დონატების მაღაზიის წინ ხდებოდა გადაღება.
(კაია): მე მახსენდება კარინ როტფელდის (ფრანგული „ვოგის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი) სტილისტიკითა და ხელმძღვანელობით ჩატარებული ფოტოსესია, როცა სვიტერის ზემოდან კაბა მეცვა, ხოლო ქვემოდან, დამატებით, შორტი. იმდენი განსხვავებული რამ მოვირგე, რომ ნამდვილი სიგიჟე იყო, მაგრამ ფოტოები საოცრად კარგი და შთამბეჭდავი გამოვიდა.
როგორ მუსიკას უსმენთ?
(კაია): ძალიან მიყვარს რიანა და დრეიკი. ერთხელ რიანას კონცერტზეც ვიყავი.
(პრესლი): მე მხოლოდ კლასიკურ როკს ვუსმენ – „როლინგ სთოუნზს“, „განზ ენ როუზს“, და ძირითადად ამ ჯგუფების ეპოქის მუსიკას.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ნოემბრის ნომერში...