ინგლისელი გარი დანკლი უკვე 4 წელია საქართველოში ცხოვრობს. 3 წელი „თბილისი მოლის“ დირექტორი იყო. ახლა კი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ განახლების 40-მილიონიან პროექტშია ჩართული და საქართველოში არსებული გოლფ-კლუბის კაპიტანია. 58 წლის გარი ჩვენს ქვეყანაში თავს საკმაოდ კარგად და შინაურულად გრძნობს, თუმცა ოჯახთან – მეუღლესთან და სამ შვილთან განშორება ძალიან უჭირს. გარი ზაფხულობით დროის უდიდეს ნაწილს საყვარელ ჰობის – გოლფს უთმობს, ზამთარში კი გუდაურში თხილამურებით სრიალებს.
როგორც თავად ამბობს, არაჩვეულებრივი ქართველი მეგობრები ჰყავს და ოჯახის დანაკლისს სწორედ მათი დახმარებით ივსებს.
გარი, როგორ გადაწყვიტეთ, რომ თბილისში ხანგრძლივად დარჩენილიყავით და რამდენიმე წელი აქ გემუშავათ?
თბილისში 2012 წლის აგვისტოში ჩამოვედი და „თბილისი მოლის“ დირექტორი გავხდი. საქართველოში პირველი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. 3 წლის შემდეგ, „შერატონის“ პროექტში ჩართვა შემომთავაზეს და ამით ძალიან დავინტერესდი. როგორც იცით, „შერატონი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული სასტუმროა. „შერატონის“ გახსნას 2017 წლის ივნისში ყველა სულმოუთქმელად ველით. აქ დარჩენა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო გადავწყვიტე. ჩემი ოჯახი აქ არაა, ცოლი და შვილები ინგლისში ცხოვრობენ. ეს არც ისე ადვილია, თუმცა მე მომწონს ქართველები. აქ ბევრი კარგი მეგობარი მყავს და მინდა, როგორც ევროპელმა, ამ ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვფიქრობ, საქართველოს ძალიან სწორი გეზი აქვს აღებული.
მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრებზე. მათ მონახულებას რა სიხშირით ახერხებთ?
23 წლის განმავლობაში ჯარში ვმსახურობდი, ასე რომ, ოჯახთან პერიოდულ განშორებას მიჩვეული ვარ. მათთან 8-10 კვირაში ერთხელ ჩავდივარ. ჩემი მეუღლის აზრით, ეს საკმარისი არაა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ისინი ხშირად მოვინახულო. ჩემი მეუღლე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. 3 ბიჭი გვყავს - 12 წლის ტყუპები და 18 წლის უფროსი შვილი. საქართველოში დარჩენა ოჯახური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბავშვების განათლებაზე, მათ აღზრდაზე ძალიან ვდარდობდი. ვფიქრობ, ჩემს მეუღლეს ბევრად რთული სამუშაო აქვს - აღზარდოს ისინი ჩემი დახმარების გარეშე.
რა არის ყველაზე საინტერესო თქვენს სამსახურში?
ძალიან მიყვარს გამოწვევები. „თბილისი მოლში“ მუშაობისას საქართველოში შოპინგის კულტურის დანერგვის პროცესი ჩემთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. 58 წლის ვარ და ახალ გამოწვევებს ყოველდღე ვეძებ. ჩემი მუშაობის საუკეთესო მოტივაცია სწორედ ესაა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიზანს აღწევ და საბოლოო შედეგს ხედავ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის იანვრის ნომერში...