მოყვარული კულინარები, ჯეიმი ოლივერის კულინარიული ელჩები საქართველოში და ძალიან მხიარული წყვილი - ასეთები არიან აჩო და ქეთი, ვიდეოპროექტ Katy&Acho Cooking-ის ავტორები. ისინი ჯანსაღ კვებას აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ, მათ ყველაზე სასარგებლო და მარტივ რეცეპტებს თავი ერთ წიგნში მოუყარეს. 21 სექტემბერს, ლისი ლაუნჯში წიგნის „კულინარია ჰობად“ პრეზენტაცია შედგება, ავტორები კი უგემრიელესი კერძებით გვიმასპინძლებენ.
რა არის მზარეულისთვის მთავარი თვისება?
ქეთი: უნდა უყვარდეს ჭამა! უნდა იყოს გურმანი და ახალ გემოებს, არომატს, კომბინაციებს ეძებდეს, სიახლის არ უნდა შეეშინდეს. კარგად უნდა შეისწავლოს გემო, რომ მერე სხვას ასწავლოს და გაუზიაროს.
აჩო: მზარეული თუ ხარ, ყველაფრის გასინჯვა უნდა შეგეძლოს, მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ არ გიყვარს. შეიძლება თვალები დახუჭო, ან ცხვირზე ხელი მოიჭირო, მაგრამ უნდა გასინჯო, რადგან შეიძლება ის კონკრეტული გემო შენი მომავალი კერძის ინსპირაცია გახდეს.
როგორ დაიწყო კულინარიით გატაცება?
აჩო: ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კულინარია ჩვენი პროფესიისგან დამოუკიდებელი საქმიანობაა. ეს ჩვენი ჰობია და ამიტომაც არის ასე ლამაზი და კარგი. ვთვლით, რომ ჯერ ცოტა ადრეა, ძირითად საქმიანობად გვექცეს. ეს გატაცება ქეთისგან მოვიდა. ჩემთვის შთაგონების წყარო იყო ქეთი, რადგან ძალიან გემრიელ კერძებს აკეთებდა.
ცნობილი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ოფიციალური წარმომადგენლები ხართ. როგორ მოხვდით მასთან?
ქეთი: ჯეიმი ოლივერს არასამთავრობო ორგანიზაცია Food Revolution Community აქვს, რომელიც ღიაა ისეთი ადამიანებითვის, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღი კვების პროპაგანდაში. ჩვენ რეგისტრაცია გავიარეთ, რომელიც მოიცავდა კითხვარს, თუ რა იყო ჩვენი მოტივაცია. ძალიან დადებითად შეხვდნენ ჩვენს სურვილს გადაგვეღო პატარა ვიდეოები, მით უმეტეს, როცა გაიგეს, რომ ერთი ოჯახი ვართ. ახლა გარკვეული სახის დავალებებს გვიგზავნიან, რათა ფეხი ავუწყოთ საერთაშორისო აქციებს და სხვა ელჩებთან პარალელურ რეჟიმში ვიმუშაოთ.
ახალი წიგნის, „კულინარია ჰობად“ პრეზენტაციისთვის ემზადებით. წიგნამდე როგორ მიხვედით? დაგეგმილი ნაბიჯი იყო თუ ექსპრომტი?
აჩო: ეს იყო აბსოლუტური ექსპრომტი. მანამდე მხოლოდ ვოცნებობდით, რომ კარგი იქნებოდა, ოდესმე ჩვენი გამოცდილება სხვებისთვის გაგვეზიარებინა. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდით, რომ დაგროვილი გვქონდა რეცეპტების გარკვეული რაოდენობა. ჩვენი იდეის განხორციელებაში დიდი წვლილი გამომცემლობა "არტანუჯმა" შეიტანა.
ქეთი: მეორე მომენტიც იყო. იქიდან გამომდინარე, რომ რეცეპტების წასაკითხად უფრო ხშირად ონლაინ სივრცეს მიმართავენ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წიგნიც მარტივი უნდა ყოფილიყო, მაქსიმალურად დახმარებოდა მზარეულს. წიგნში გვიწერია რა დაჯდება თითოეული კერძის დამზადება, რა სირთულისაა, რა ინგრედიენტებია და რამდენი დროა კონკრეტული კერძის მოსამზადებლად საჭირო. თითოეულ სიტყვას დიდი სიყვარულით ვწერდით. ეს არის ძალიან პრაქტიკული წიგნი-სახელმძღვანელო, როგორი წიგნებიც რეალობაში გვაკლია. მაქსიმალურად გავუადვილეთ კერძების მომზადება იმ ადამიანებს, ვინც კულინარიასთან ვერ მეგობრობენ.
სამომავლო გეგმებს გაგვიმხელთ?
აჩო: ექსკლუზიურად OK!-ს მკითხველს გავუმხელთ ჩვენს გეგმებს. პირველ რიგში, გვინდა ვიდეოების ხარისხი გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ, რასაც სჭირდება დიდი დრო. და მეორე, ძალიან გვინდა ტრადიციული, ქართული კერძების კრებული გამოვცეთ. გვინდა საქართველო შემოვიაროთ, ვეწვიოთ ყველა კუთხეს და რეცეპტები იმ ადამიანებისგან შევაგროვოთ, ვინც რეალურად ამ კერძებს აკეთებენ. ეს ჩვენთვისაც დიდი გამოცდილება იქნება, რადგან ბევრი ტრადიციული კერძი დავიწყებულია.
თუმცა, ამ გეგმის განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაამართლებს ეს წიგნი. თუმცა ჩვენთვის, როგორც ავტორებისთვის, წიგნმა მოლოდინს უკვე გადააჭარბა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაც ვიმუშაოთ, წიგნები უცხო ენებზეც გამოვცეთ და გავიტანოთ საზღვრებს გარეთ.
ქეთი: ძალიან ბევრი უცხოელი ადამიანია ქართული კერძებით დაინეტერესებული, მაგალითად, ჩვენი იტალიელი მეგობრები. ქართული ტრადიციული კერძები მათთვის ძალიან ახალი და უცნაურია. კიდევ, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს წიგნში არის საოცარი ფოტოები. ეს სტილი ჯეიმი ოლივერის წიგნებსაც ახასიათებს. ჩვენ მივმართეთ Foodography-ს ნინო მეგრელიძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო. ამ წიგნში ევროპული კერძებია, რადგან გვსურდა ევროპული კერძები საქართველოში შემოგვეტანა და ქართულ რეალობაზე მოგვერგო.