მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ წუხელ გახდა ცნობილი. ჯორჯ მაიკლი ბრიტანეთში, ოქსფორდშირის საგრაფოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მის სახლში მისული პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გარდაცვალების მიზეზები დგინდება.
ჯორჯ მაიკლი, რომლის ნამდვილი სახელია იორგოს კირიაკოს პანაიოტუ, 1963 წელს ლონდონში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი 80-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად, მუსიკოსი დუეტში Wham კლასელთან - ენდრიუ რიჯლისთან ერთად მღეროდა. სოლო კარიერა ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1986 წელს დაიწყო.
მუსიკოსს გამოშვებული ექვსი სოლო ალბომი აქვს. ცნობილია, რომ უკანასკნელ თვეებში დიჯეისთან Naughty Boy ახალ ალბომზე მუშაობდა.
ჯორჯ მაიკლმა თავისი ცხოვრების მანძილზე უამრავი მუსიკალური ჯილდო მიიღო, მათ შორი სამი „გრემი“ და MTV-ის ხუთი ჯილდო. მისი უკანასკნელი ალბომი Symphonica 2014 წელს გამოვიდა, ხოლო სინგლი Freedom 90-იანების და არამარტო საკულტო ჰიტად რჩება.