ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი − ნიკოლოზ რაჭველი ქართული მუსიკის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა, რომლის სახელოვნებო გზა სამშობლოსთან პარალელში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიკვალა. ორიოდე წლის წინ ამ გზაზე მან ქართველ ვუნდერკინდს, ცოტნე ზედგინიძეს ხელი ჩაჰკიდა და მისი გენიით აღტაცების საშუალება დანარჩენ სამყაროსაც მისცა.
ინტერვიუ იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ თითქმის ყოველი დასმული შეკითხვის პასუხად მესმოდა ფრაზები, რომელიც აუცილებლად უნდა წაგეკითხათ. ნიკოლოზ რაჭველი საუბრისას საკუთარი პორტრეტის კიდევ ერთი საოცარი რაკურსით დანახვის საშუალებას გვაძლევს, რომელშიც მისი პატარა მეგობარიც, ცოტნეც ირეკლება. გვიყვება მათ შთამბეჭდავ ურთიერთობასა და იმაზე, თუ როგორ ჰგვანან ერთმანეთს, როგორ შლის ტალანტი ასაკობრივ რიცხვებს და არასდროს ცნობს მსოფლიო საზღვრებს.
მსოფლიო პანდემიის გამოცხადება − თავისუფალი დრო ნაკლებად თავისუფალი მუზისთვის
ჩემს შემთხვევაში, პანდემიის გამოცხადება ზუსტად დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, სწორედ იმ პერიოდში დიდი ბრიტანეთიდან დავბრუნდი, სადაც მუშაობა დავასრულე ალბომზე City Lights – ეს არის ნამუშევარი, რომელიც 2020 წელს, პანდემიურ ეპოქაში გამოვიდა და წარმოადგენს ლიზა ბათიაშვილისთვის ჩემ მიერ შექმნილი კომპოზიციების ერთობლიობას. ალბომს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი წარმატება ხვდა წილად.
გასულ წელს მსოფლიო ტურნეებიც, კონცერტებიც იგეგმებოდა, რომელთა ჩატარების თარიღი, ბუნებრივია, დღემდე გაურკვეველია. გაზაფხულზე, ბრიტანეთიდან ჩამოსვლისას, ეს იყო დრო, როცა ეროვნული ორკესტრის საგაზაფხულო სეზონი უნდა დაწყებულიყო და არაერთი საინტერესო კონცერტის ჩატარებაც გვსურდა, რაც ასევე შეჩერდა.
მე, როგორც კომპოზიტორი, მთელი ცხოვრების განმავლობაში განვიცდი დროის დეფიციტს. უამრავ პროექტში ჩართულობის გამო, ნაკლები დრო მრჩებოდა საკუთარი მუსიკის დასაწერად და მივიჩნიე, რომ იზოლაცია იქნებოდა ამ მხრივ დროის გამოთავისუფლების საშუალება. ყველაფერს ფურცელზე ჩამოვწერ ხოლმე და მათი შესრულების გეგმას ასე მივყვები, თუმცა იმედი გამიცრუვდა, მათი განხორციელება ვერ შევძელი.
მიზეზი ისაა, რომ ამ საყოველთაო შეჩერებამ იმდენად ემოციურად იმოქმედა ჩემზე, საკუთარი თავისთვის პროდუქტიული აღარ აღმოვჩნდი. დავაკვირდი, რომ როცა ბევრი საქმე მქონდა, როცა დედლაინი ახლოვდებოდა, ვემზადებოდი აუდიტორიასთან შესახვედრად – მქონდა მუხტი და ყველაფერს უკეთ ვასწრებდი, გამომდიოდა.
როცა 2021 წელი დგებოდა, სოციალურ ქსელში შემაჯამებელი სტატუსის დაწერა გადავწყვიტე, რაც 2020 წლის მცირე მიმოხილვა გახლდათ. მისი წერისას ვიაზრებდი, რომ ბევრია ფაქტი, რომელმაც გასული წელი კარგადაც დაგვამახსოვრა. მათ შორის, მაინც დაეთმო დრო და სივრცე მუსიკას და შედგა სასიამოვნო თანამშრომლობებიც.
და მაინც, ჩემთვის წლის მოვლენა გახდა ცოტნე ზედგინიძის გამგზავრება ბერლინში. მისი ნიჭით გამოწვეული შოკის პირველი ტალღა მე ორი წლის წინ გამოვიარე და ახლა ასეთივე შოკი განიცადეს მსოფლიო მუსიკის კორიფეებმაც. ცოტნეზე უზომოდ შეყვარებულია სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარებული მუსიკოსი დანიელ ბარენბოიმი, აგრეთვე თანამედროვე გერმანიის ყველაზე აღიარებულ კომპოზიტორი იორგ ვიდმანი და სხვა არაერთი დიდი მუსიკალური ფიგურა.
ეს არის ჩემთვის მაინც ყველაზე მთავარი ამბავი 2020-ში!
ნიკოლოზ რაჭველის მიგნებას, მსოფლიო აღმოჩენად მიიწერს
2 წლის წინ, პირველად აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედამიწაზე პატარა გენიოსი დადიოდა, რომლის არსებობის შესახებ ჯერ მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა.
მისმა არაჩვეულებრივმა ბებიამ, მუსიკოსმა და პროფესორმა – ნინო მამრაძემ გადაწყვიტა ცოტნე ჩემთვის წარედგინა და მათთან შინ მიმიპატიჟეს. ცოტნემ მისი იმ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები დამიკრა...
ცხოვრების განმავლობაში ბევრი შთამაგონებელი რამ მინახავს, მომისმენია. შთაბეჭდილებები ხომ ის არის, რაც ხელოვანს ასულდგმულებს, თუმცა ასეთი შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება იქამდე ჩემზე არაფერს მოუხდენია. დღემდე ამ შთაბეჭდილებას თავს ვერ ვაღწევ.
მითქვამს, რომ ყველა მდგომარეობამ შეჩვევა იცის, თუმცა ცოტნე ამის საშუალებას არ მაძლევს, მისი ყველა ახალი ნაწარმოები ხელახლა, მეტად მაოცებს.
შემდეგ ჩვენი მეგობრობა უფრო მჭიდრო გახდა. და მას მერე, იქნებ უცნაურადაც ჟღერდეს, როცა მუსიკას ვწერ, შექმნის მომენტში, რასაც პირველად ვფიქრობ, მინდა, ცოტნეს მოეწონოს. ასეთი შეგრძნება არასდროს, არავის მისამართით არ მქონია. ვხვდები, რომ ჩემი 11 წლის კოლეგის მიმართ ახალი პასუხისმგებლობა გამიჩნდა.
არაერთი შემოქმედებითი თანამშრომლობაც შედგა, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ოპერის თეატრში ჩვენი ორკესტრის სეზონის გახსნა იყო, სადაც სოლისტმა, ცოტნემ, საკუთარი მუსიკა შეასრულა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა დარბაზში. როცა კონცერტი გამოცხადდა მსმენელის დიდი ინტერესი ახლდა, ხოლო როცა კონცერტი შედგა, დასრულდა, დარბაზიდან ასეთი ოვაცია, ამ დოზით ემოცია, არ მახსენდება.
ცოტნეს მუსიკა იოლი მოსასმენი არ არის. ის, რასაც წერს, თანამედროვე, ახალი მუსიკაა, აქვს თავისი ენა. ეს კი შესაძლოა უფრო მეტად გასაგები იყო მუსიკოსისთვის, ვისაც აქვს ცოდნა და თანამედროვე მუსიკის მოსმენის გამოცდილება, ვისაც აქვს ანალიზის უნარი.
ფართო პუბლიკისთვის კი, ვისთვისაც ასე ახლო არ არის გასული საუკუნის 60-იანი, 70-იანი, 80-იანი, თუნდაც 2000-2010-იანი წლების თანამედროვე კლასიკური მუსიკის შემოქმედება, ჟღერადობა შესაძლოა რთული აღსაქმელიც იყოს. მაგრამ ცოტნეს მუსიკა იმდენად შთამბეჭდავია, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისთვის გასაგებია, რომ საქმე გვაქვს რაღაც გენიალურთან.
მისი ნაწარმოებები ყველაზე თანაბრად მოქმედებს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გამორჩეული ნიჭის ავტორი დროს უსწრებს. ის, რასაც აკეთებს, სულაც არ უნდა იყოს ადვილად მისაღები, არამედ უნდა უსწრებდეს დროს და მსმენელი მას კვალდაკვალ მიჰყვებოდეს, ასე უნდა შეჰქონდეს მას წვლილი მუსიკის განვითარებაში. ეს დიდი კომპოზიტორობაა, ამის ნიშნები კი ცოტნესთან მკაფიოდაა გამოკვეთილი.
სტუმრად ლეგენდასთან − ბარენბოიმი ცოტნეს გერმანიაში ვიზიტს ითხოვს
თუკი მანამდე ჩვენი მუსიკალური წრე, სამეგობრო თუ სრულიად ქვეყანა აღტაცებული დავრჩით ცოტნეთი, ახლა ამ აღტაცებას უკვე მსოფლიო ვარსკვლავები იზიარებენ.
ვიხსენებ, როცა ლეგენდარულმა გია ყანჩელმა ცოტნესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი მოსმენის შემდეგ თქვა, რომ „ასეთი ადამიანი საუკუნეში ერთხელ იბადება“ და ის ბედნიერი იყო, რომ ცოტნეს შეხვდა.
როცა წინანდლის ფესტივალზე ცოტნე მიიპატიჟეს, იქ გაჩნდა აზრი, რომ უკვე დადგა ეტაპი, როდესაც სჯობს მან განათლების მიღება საზღვარგარეთ განაგრძოს, კერძოდ, კლასიკური მუსიკისთვის ისეთ ეპიცენტრულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა.
დიდი როლი ითამაშა ლიზა ბათიაშვილმა, რომელსაც ცოტნე ჯერ კიდევ მაშინ გავაცანი, როცა 2019 წელს ჩვენს ერთობლივ ალბომზე ვმუშაობდით. სწორედ ლიზას დამსახურებითა და წინანდლის ფესტივალის დაფინანსებით, ცოტნე ბერლინში გაემგზავრა.
იქამდე იყო ის, რომ ლიზამ ცოტნეს ჩანაწერები დანიელ ბარენბოიმს აჩვენა – დღესდღეობით ერთ-ერთ იმ გამოჩენილ ადამიანებს შორის მყოფ ვარსკვლავს, რომელიც მსოფლიომ სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარა.
გარდა იმისა, რომ ის ბრწყინვალე პიანისტია, დირიჟორია, და ბერლინის ოპერის თეატრს, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობს, აქვს საკონცერტო დარბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არის ფიგურა, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მუსიკოსის კარიერულ განვითარებაში.
მისი სიტყვა მუსიკალური სამყაროს ფოკუსირებას ახდენს შემსრულებელზე. მას უკავშირდება ანიტა რაჭველიშვილის პირველი უდიდესი ნაბიჯები „ლა სკალაში“, ასევე ბარენბოიმს ლიზა ბათიაშვილთან ერთად აქვს გამოშვებული არაერთი ერთობლივი დისკი. ის კარგად იცნობს ქართულ გენს.
ჩვენთვის ყველასთვის საინტერესო იყო, რა იქნებოდა მაშინ, როცა ცოტნეს სხვები მოუსმენდნენ, როცა თანამემამულეობრივი ემოცია გამოაკლდებოდა. ისინი კი, ვინც ცოტნეს გერმანიაში მოუსმინეს, ჩვენზე მეტად აღფრთოვანდნენ ვუნდერკინდზე.
როცა ბარენბოიმმა ჩანაწერი მოისმინა, პრინციპულად მოითხოვა პანდემიის მიუხედავად მაშინვე ჩაგვეყვანა ცოტნე გერმანიაში და ცოცხლად ეხილა, მოესმინა საოცრება, გაეზიარებინა კოლეგებისთვისაც.
ბერლინის ცენტრში, მუსიკალურ საგანმანათლებლო აკადემიაში, დანიელ ბარენბოიმმა მას დახურული კონცერტი მოუწყო, დაახვედრა გერმანიაში მომუშავე უდიდესი მუსიკოსები და მათ შორის გამოჩენილი კომპოზიტორი − იორგ ვიდმანი.
ცოტნეს კონცერტი ძირითადად მისი ნაწარმოებებისგან შედგებოდა, თუმცა მას სხვა ავტორთა ნაწარმოებებიც მომზადებული ჰქონდა. მისმა მუსიკამ აუდიტორია იმდენად შოკში ჩააგდო, რომ საკუთარი მუსიკის გარდა, ცოტნეს სხვა აღარაფერი შეუსრულებია.
როცა კონცერტი დასრულდა, ბარენბოიმმა თქვა: „რა საოცრებაა, რომ გერმანიას და მსოფლიოს საქართველოდან მოცარტი დაუბრუნდა!“
მსგავსება მჭიდრო კავშირში − ცხოვრება ორ სამყაროში
მე მასთან პატარა ვხდები. მაგონებს ჩემს ბავშვობას, რომელიც სულ სხვა ტექნოლოგიურ ეპოქაში მიმდინარეობდა, არ იყო საშუალება, რომ კაცობრიობას ამგვარი, სწრაფი წვდომა ჰქონოდა სიახლეებთან, ფართო აუდიტორიას ჰქონოდა შესაძლებლობა, ახლოს გაეცნო ამა თუ იმ შემოქმედის ნამუშევრები.
ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს. მეც ამ ასაკში ვწერდი მუსიკას, 9-10 წლის ასაკში დავიწყე მონაცემების გამოვლენა და ვდირიჟორობდი სიმფონიურ ორკესტრს, მქონდა გასტროლები და ვუნდერკინდული ბავშვობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია და ალბათ ამიტომ, განსაკუთრებით კარგად მესმის ცოტნეს ყველა საჭიროება.
გამორჩეული მონაცემები მცირე ასაკში ზღვარია ბავშვობასა და დიდობას შორის. ის, რასაც მე მაშინ, ახლა კი ცოტნე აკეთებს, ბავშვური არ არის, არადა, ის ფიზიოლოგიურად ბავშვია. ასე, ერთმანეთისგან თითქოს სრულად აცდენილი ორი სამყარო საკუთარ თავში რთულად გასატარებელია. როცა ერთმანეთს ვხვდებით, მეც თითქოს იმ დროში ვბრუნდები, როცა ბავშვი ვიყავი. მაშინ რთული იყო თანატოლებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები მყავდა, რადგან ინტერესებზე, რომელიც მქონდა, იყო მოპასუხე უფროსი თაობა, მუსიკის სამყაროს დიდი ადამიანები. ცოტნესთვის კი ეს მოპასუხე მე აღმოვჩნდი. ჩვენ შორის წაიშალა ასაკობრივი სხვაობა და მხოლოდ ოჯახის ახლობლებმა იციან, ერთად როგორ ვგიჟობთ, შემდეგ კი დავსხდებით და მუსიკის, მხატვრობის, ფილოსოფიის სიღრმეებზე ვსაუბრობთ.
რაც მე მაშინ დამაკლდა, ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა, ახლა მსურს ცოტნეს შევუვსო.
ცოტნე ბავშვურია და ეს მასში ყველაზე მეტად მომწონს. როცა მუსიკას ცოტა ხნით ეთიშება (და ეს იშვიათად ხდება), ის ჩვეულებრივი ბავშვია, მშვენიერ დროს ატარებს თანაკლასელებთან და ასევე, ყოველმხრივ ნიჭიერ დასთან ერთად.
ამ მეგობრობამ ახალი პასუხისმგებლობა დამიმატა. ვგრძნობ, რომ მუდამ მინდა ვიყო უკეთესი, მქონდეს პასუხი ყველა მის შეკითხვაზე და ვღელავ, არასდროს გავუცრუო იმედი.
მუსიკალური სამყარო პანდემიის პირისპირ
პანდემიამ ბევრი მიმართულებით პროცესები შეაჩერა, ბევრი რამ დააზარალა, მათ შორის − სახელოვნებო სამყარო. შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით საშემსრულებლო, თუმცა საავტოროც.
მუსიკის წერა ღრუბლებში ნავარდი, სადღაც ცაში ყოფნა არ არის − მუსიკის აკადემიური წერა შრომატევადი პროცესია, რომელსაც თურმე აშკარად სჭირდება მოქმედება გარესამყაროში, ტემპიც, და როცა ყველაფერმა თითქოს მიიძინა, შენელდა, ეს შემოქმედებაზე აისახა.
მთელ მსოფლიოში გაუჭირდათ ხელოვანებს, მუსიკოსებს. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ უწყვეტ პროცესს, სცენას, კონცერტებს, აუდიტორიას. შეჩერდა აწყობილი სისტემა, რომელიც კონცერტების განრიგს წინასწარ საზღვრავს, ახლა კი არავინ იცის, როგორ აღდგება ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, კლასიკურ მუდმივაში შეუჩერებელი პროცესი შეჩერდა.
2021 წლის ფონური მუსიკა
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინტერვიუ დაემთხვა დღეს, როცა სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა და საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, მე 2021 წლის ფონად გამარჯვების მუსიკას ავირჩევდი.
რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება ხორუმის დოლების თანხლებით შესრულებული მუსიკა, იმედით, რომ ასე გავიმარჯვებთ ყველა სირთულეზეც, იმ ბიოლოგიურ ომშიც, რომელშიც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლისას ჩაერთო.
ფოტო: სოფიო მელიქიძე