OK! წარმოგიდგენთ საქართველოს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაყურებლისათვის საყვარელი და სასარგებლო გადაცემის „პირადი ექიმი − მარი მალაზონია“ ავტორსა და უცვლელ წამყვანს − მარი მალაზონიას. რა არის გადაცემის მრავალწლიანი წარმატებისა და პოპულარობის გასაღები, როგორ ემზადება მარი თითოეული გადაცემისთვის და რას ურჩევს საახალწლოდ თავის ერთგულ მაყურებელსა და ჩვენი ჟურნალის მკითხველს − ყოველივე ამის შესახებ მარი მალაზონიასთან საინტერესო, ემოციურ ინტერვიუში წაიკითხავთ.
გადაცემა „პირადი ექიმი − მარი მალაზონია“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც საქართველოს პირველი არხის ეთერში გადის და მაყურებლებში ძალიან დიდი პოპულარობითა და მაღალი ნდობით სარგებლობს. საინტერესოა, თქვენ, როგორც ამ გადაცემის ავტორი და უცვლელი წამყვანი, რას მიიჩნევთ მიღწეული წარმატების მთავარ საფუძვლად?
ალბათ არც კი დაიჯერებთ, მაგრამ მალე 25 წელი შესრულდება, რაც საქართველოს პირველ არხზე ვარ, აქედან 12 წელი − ყოველდღიურ რეჟიმში. პროექტის წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ორიგინალური საავტორო კონცეფცია, პასუხისმგებლობით ნათქვამი თითოეული სიტყვა, ყველაზე აქტუალური და უახლესი სანდო ინფორმაცია, გამორჩეული პროფესიონალების მონაწილეობა, სხვადასხვა ტიპის ინტერაქცია საზოგადოებასთან და მაყურებლის ჩართულობა, უცვლელი ფასეულობები, კეთილგანწყობა და კეთილსინდისიერება.
ჩვენი გადაცემა არასოდესაა ტენდენციური ან კომერციულ კომპონენტზე მორგებული. ორიენტირებულია მხოლოდ საზოგადოების ინტერესებზე. ერთადერთი თემატური გადაცემაა, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის პირდაპირ ეთერში. პირველი და ერთადერთი თემატური პროექტია სურდო-თარგმანით. ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ ან ვმუშაობთ მხოლოდ რეიტინგზე, რადგან ჩვენი პროექტი არის არა უბრალოდ გადაცემა ეთერისთვის, არამედ საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეა, კონცეფცია, რომელიც კადრსმიღმაც არსებობს და მოქმედებს.
„კოვიდ“-კრიზისის პერიოდში თქვენმა გადაცემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა, ფორმატიც ოდნავ შეიცვალა. გვითხარით, რამდენად იმატა მაყურებლის ჩართულობამ და აქტიურობამ ბოლო თვეების განმავლობაში და რომელი თემების განხილვას ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება?
დიახ, ჩვენი გადაცემა განსაკუთრებულ როლს ასრულებს პანდემიის პირობებში. სწორედ ამიტომ, 2020 წლის განმავლობაში, რამდენიმეჯერ მოგვიხდა ფორმატის ადაპტირება დროისა და ვითარების შესაბამისად. მთავარი თემა, უდავოდ, ახალი კორონავირუსია, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ფიზიკური, ემოციური, მენტალური თუ სოციალური ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემაზე „კოვიდ-19“-ის კონტექსტში. მტკიცებითი მედიცინის უახლესი მონაცემები და ჩვენ მიერ მიწოდებული ფაქტების სიზუსტე საზოგადოების მაღალ ნდობას განაპირობებს. შესაბამისად, მზარდია მაყურებლის ჩართულობა და აქტიურობა უკანასკნელ პერიოდში. ჩვენი გუნდი, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებს მოვუსმინოთ, ვუპასუხოთ და შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ.
როგორ ემზადებით ხოლმე თითოეული გადაცემისთვის? როგორ არჩევთ სტუმრებს?
სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. უპირველესად, ვირჩევთ თემას, სტუმარს კი − თემის შესაბამისად. ყოველ გადაცემაში არის წამყვანის საავტორო „კვების ბლოკი“, რომელიც მისადაგებულია ძირითად თემასთან. კონკრეტული ეთერისთვის ჟურნალისტები სიუჟეტებად ამზადებენ გადაცემის პროექტებიდან ერთ-ერთს. ასევე, მზადდება სამედიცინო სიახლეები და თემატური ვიდეორჩევები. მოკლედ, ბევრი უხილავი დეტალი მუშავდება იმისთვის, რომ მაყურებელმა სრული მოზაიკა დაინახოს.
გაიხსენეთ ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი გადაცემა, სტუმრები.
ისე მოხდა, რომ სამედიცინო გადაცემის წამყვანი გავხდი მაშინ, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ამიტომ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო გადაცემა და გამორჩეული სტუმარი მახსოვს. ბევრი მათგანი სწორედ ჩვენი გადაცემიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ. თუმცა ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე „კოვიდ-19“-ს და მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება: 2020 წლის 8 იანვრის შემდეგ პირისპირ არ მინახავს შვილები, მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია გვაქვს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, ჩვენს საღამოს გადაცემებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. არასოდეს დამავიწყდება 22 მარტი, როცა ჩემი შვილები ჩაგვერთნენ მიუნხენიდან. ვიცოდით, რომ უამრავი ქართველი იყო პანდემიის სხვადასხვა ეპიცენტრში, თუმცა თითქმის არაფერი ვიცოდით ახალ ვირუსზე და არც ის ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მერიდება კიდეც ამის გამხელა, მაგრამ იმ მომენტში დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გადაცემის წამყვანის მიღმა დედა დამემალა.
„პირადი ექიმი − მარი მალაზონია“ − რას ნიშნავს თქვენთვის ეს გადაცემა?
რას ნიშნავს? ძალიან ბევრს. ეს გადაცემა ჩემი პიროვნული და პროფესიული მსოფლმხედველობაა, ჩემი და საკუთარი ცხოვრების ნაწილია, ჩემი პირმშოა − შვილივით გამოზრდილი; ჩემი ოჯახია − ხილული და უხილავი წევრებით... რა თქმა უნდა, ეს გადაცემა ფართო საზოგადოებისთვის ადამიანის უკეთ გაცნობისა და ადამიანური წახნაგების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ისე, რომ არასოდეს მავიწყდება შემდეგი: როდესაც ამბობ „ვარ ექიმი“, შენ აღიარებ ადამიანს, როგორც მთავარ ფასეულობას და ხარ მკურნალი ყველასთვის − ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, დიაგნოზის განურჩევლად. როცა ამბობ „პირადი ექიმი“, მანძილი კიდევ უფრო მოკლდება, ადამიანთან თითქოს პირისპირ რჩები და მის პრობლემებს ეკრანის მეორე მხარესაც გრძნობ. როცა „პირადი ექიმი“ გადაცემის სათაურშივე შენს სახელთან არის გაიგივებული, ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!
თქვენ თავად ექიმი ბრძანდებით. როგორც პროფესიონალმა, თუ შეიძლება ჩვენს მკითხველებს ურჩიეთ, რა მნიშვნელოვანი ფაქტორები და წესები უნდა გაითვალისწინონ ახალი წლის პერიოდში?
ჩემი პროფესია ადამიანურ სიამოვნებათაგან ერთ-ერთს, კერძოდ, კვებას უკავშირდება. ამიტომ ჩემი ტრადიციული სადღესასწაულო რჩევები, ყოველთვის სარიტუალო ტრაპეზის ავ-კარგს, ტრადიციების სიკეთესა და ჯანმრთელობის ზიანის შემცირებას ეხება ხოლმე. თუმცა წელს პირადი ექიმის რჩევები სხვაგვარია: ხალხმრავალი თავშეყრისგან თავშეკავება, დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვა, სწორად მორგებული პირბადე, ოჯახური სიმშვიდე, ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული.
ნამდვილი ზეიმი ხომ გამარჯვების განცდაა და არა ღრეობა. ომი გრძელდება და ჩვენც გამარჯვება ვიზეიმოთ ხმაურიანად. მანამდე კი გილოცავთ ახალ წელს! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი