თუ გჭირდებათ მსახიობი, რომელიც დამაჯერებლად ითამაშებს ფსიქოპათს ან შეშლილ მკვლელს, თამამად მიმართეთ ჰარდის. მას ყველაზე უკეთ შეუძლია ეკრანზე თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება. თუ მაინც ეჭვობთ, საკმარისია გაიხსენოთ „ლეგენდა“ და „გადარჩენილი“, რომლის წყალობითაც „ოსკარზე“ ნომინაცია მოიპოვა.
„მე ძალიან იღბლიანი ბიჭუნა ვარ!“ − ამბობს საკუთარ თავზე მომხიბვლელი „ბოროტმოქმედი“. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მამაკაცი ჰამერსმიტში, ლონდონში დაიბადა, კომიკოსი მწერლისა და მხატვრის ოჯახში. „ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავი დედის მზრუნველობით. ჩვენი სახლი სავსე იყო წიგნებით და მუსიკით. ძვირადღირებული კერძო განათლება მივიღე, არ მაკლდა მოგზაურობა... თუმცა, ერთი პრობლემა იყო − ძალიან გაუგონარი ბავშვი ვიყავი, ძალიან ძალიან ურჩი და ჯიუტი“, − ასე იხსენებს მსახიობი განვლილ ბავშვობას.
მსახიობობამ ტომი „ცუდი კამპანიისგან“ და დამოკიდებულებებისგან დაიხსნა და მისი ცხოვრება შეცვალა. „ერთადერთი ბავშვი ვიყავი ოჯახში და მსურდა, ჩემით ეამაყათ. სცენა − ეს იყო ის, რაც მართლა კარგად გამომდიოდა“. ასე იქცა ხულიგანი ნიჭიერ მსახიობად.
„მე არ გახლავართ ბეინი ბეტმენიდან. ცხოვრებაში ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ, თუმცა მესმის, ზოგიერთ ადამიანს ჩემი რატომ ეშინია. თუმცა, როგორც კი ერთხელ გამესაუბრებიან, ესმით, რომ არაფერი მაქვს საერთო იმ მანიაკებთან, რომლებსაც ვთამაშობ“, − აცხადებს ჰარდი. მას არაერთხელ უთქვამს, რომ „ცუდი ბიჭების“ როლის მორგება ძალიან აინტერესებს. ასე საკუთარ თავს ბევრად შორდება და „აკრძალულ ხილს“ აგემოვნებს. ასევე მათი განსახიერება ბევრად რთულია, ვიდრე რიგითი ბიჭების მეზობელი ეზოდან. ცხოვრებაში მხიარული, საოცრად მომხიბვლელი და კეთილი ჰარდი შეკითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარ პერსონაჟებთან, ყოველთვის ერთნაირად პასუხობს: „მათი მეშინია“.
ამავდროულად, ეს მამაკაცი სამი შვილის ერთგული მამაა. ვარსკვლავს 12, 5 და 1 წლის ვაჟიშვილები ჰყავს. „ვერ ვიტყოდი, რომ ბავშვების გაჩენამ ჩემი ცხოვრება იხსნა, მაგრამ ის ნამდვილად შეცვალა. ახლა ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ვჭირდები და ვეიმედები. როცა შინ ვბრუნდები, ვწყვეტ ვიყო მსახიობი-ტომი და ვხდები მამა-ტომი. უფროსს ჯერ ჩემი ფილმები ნანახი არ აქვს. ძალიან უნდა „შეშლილი მაქსის“ ნახვა, თუმცა ნებას არ ვრთავ. დაე, ჯერ „ჰარი პოტერის“ ყველა ნაწილი ნახოს“.
2020 წელი ტომ ჰარდისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. კინოკომიქს „ვენომის“ მსოფლიო პრემიერა ამ წლის ოქტომბერში იგეგმება. რამდენიმე თვის წინ მსახიობმა ფილმიდან საკუთარი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. ჰარდი მთავარ ანტაგონისტს თამაშობს. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი ალ კაპონეს განსახიერებაა. სიუჟეტის მიხედვით, ლეგენდარული კრიმინალი უკვე ასაკშია. სცენარისტმა და რეჟისორმა განაცხადა, რომ ტექსტის წერისას თავში კონკრეტული მსახიობი წარმოდგენილი არ ჰყავდა, თუმცა ნათელია, რომ ჰარდი ამ საქმისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. „ის ერთადერთი მსახიობია, რომელიც ამხელა ძალაუფლებას ასხივებს. მე არავისზე ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ტომის კაპონე საოცარი იქნებოდა. ის საინტერესო, ჭკვიანი, ინტელექტუალი, არტისტული და ფილოსოფიურია. მომწონს ხელოვნების შექმნა ისე, როგორც ამას ტომი ფიქრობს“, − განაცხადა ჯოშ ტრენკმა.
2020 წლის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაინც BBC-ის პროექტი აღმოჩნდა. ბრიტანელი მსახიობი ტელევიზიის მეშვეობით ბავშვებს საღამოობით ზღაპრებს უკითხავდა, რათა მშობლებისთვის თვითიზოლაციაში დასვენების საშუალება მიეცა. მისი ღამის ზღაპრები რამდენიმე მილიონზე მეტ ნახვას აგროვებდა.
ტომ ჰარდი არის მსახიობი, რომელსაც გარისკვა უყვარს და აკეთებს იმას, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია. ამას მოწმობს მისი მრავალფეროვანი და დინამიკური კარიერა. საინტერესოა, რომ ინსპირაციისთვის და მოტივაციისთვის პერსონაჟებს ძველი დროიდან მიმართავს. მაგალითად, ფილმისთვის „უკანონო“, სადაც შაია ლაბუფთან ერთად მონაწილეობს, ერთ ცნობილ ანიმაციას, Tweety and Sylvester-ს უყურა. ტომი თამაშობდა უფროს ძმას, რომელიც უეცრად, უმცროსი ძმისთვის ერთადერთი მშობელი ხდება. მულტფილმის პერსონაჟმა ბებიამ კი ასწავლა როგორ ყოფილიყო ერთდროულად მკაცრი და ნაზი. სურათში „ლოქი“, მისი გმირი ავტომანქანის საჭესთან ეკრანული დროის ნახევარ საათს იკავებს, თუმცა მართვა მხოლოდ 30 წლის ასაკში, სამსახიობო კონტრაქტის გამო შეისწავლა. მოგვიანებით, ექსტრემალური მართვის დაუფლებით ცალკე დაკავდა.
ვარსკვლავი სხეულზე არსებული ბევრი სვირინგით გამოირჩევა. პირველი სვირინგი 15 წლის ასაკში გაიკეთა და მას შემდეგ სხეულზე ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტს იხატავს − იქნება ეს კარგი თუ ცუდი მოვლენა. ფილმის „გადარჩენილი“ გადაღებების დროს ტომმა ლეონარდო დიკაპრიოსთან სანაძლეო წააგო და ტატუს გაკეთება მის პატივსაცემადაც მოუწია: „ლეომ ყველაფერი იცის“, − ვკითხულობთ მსახიობის მარჯვენა ხელზე.
ერთ დროს რეპერობაზე მეოცნებე, საყვარელ მუსიკად შუბერტის „ავე მარიას“ ასახელებს. ასეთ მრავალფეროვან მამაკაცზე პროდიუსერები და რეჟისორები აქტიურად „ნადირობენ“, ცდილობენ დაითანხმონ საკუთარ პროექტებზე. მისი სახელი არის გარანტია იმისა, რომ სურათი მაყურებელთა ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. ჰარდის გულშემატკივართა არმია დაკომპლექტებულია არა მხოლოდ ქალებით, არამედ მამაკაცებითაც, რადგანაც მისი ფილმების მაყურებელთა აუდიტორია ორივე სქესის წარმომადგენლებით ივსება.